“მანჩესტერ იუნაიტედის” სატრანსფერო სიახლეები: პოლ პოგბა და ხამეს როდრიგესი
“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი თავკაცი, ჟოზე მოურინიო მომავალ სეზონში საკმაოდ მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას. პორტუგალიელმა სპეციალისტმა უკვე გადმოიბირა ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჰენრიკ მხითარიანი, თუმცა ის ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს.
გთავაზობთ, იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგებასთან (5-ბალიანი სისტემა) …
1. პოლ პოგბა (“იუვენტუსი”) – 4.7
ინგლისური პრესის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი კარგა ხანია, რაც პოლ პოგბას გადაბირებას ცდილობს. აღნიშნულ მოლაპარაკებებში ის უკვე საკმაოდ დაწინაურდა. დიდი ალბათობით, “იუვენტუსი” 100 მილიონი ფუნტის მიღებას დათანხმდება ფრანგი ვარსკვლავის სანაცვლოდ.
მიუხედავად პოლ პოგბას აგენტის, მინო რაიოლას განცხადებისა, რომლის მიხედვითაც “იუვესთან” ფრანგის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს “რეალიც” აწარმოებს და რომ, პოლ პოგბა “მანჩესტერში” გადაბარგებას “რეალში” გადასვლას ამჯობინებს, Sky Sports-ის ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ პოგბას “რეალში” გადასვლა ფაქტიურად გამორიცხულია.
პოლ პოგბა ერთადერთია მოურინიოს იმ ოთხ მთავარ სამიზნეთაგან, რომლის გადაბირებაც “მანჩესტერმა” ვერ მოახერხა. თუმცა, Sky Sports-ი სრულიად დარწმუნებულია, რომ ეს ტრანსფერი განხორციელდება და ქულასაც შესაბამისს ანიჭებს – 4.7.
2. ხამეს როდრიგესი (“რეალ მადრიდი”) – 2.8
მართალია, ხამესის “მანჩესტერში” გადასვლის შანსები გაცილებით უფრო ცოტაა, თუმცა ბოლო დროს კოლუმბიელის კოეფიციენტი 1.1-დან 2.8-მდე ავიდა, რაც ნამდვილად ყურადსაღებია.
როგორც იცით, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა “რეალში” ადგილის დამკვიდრება მაინც ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში მას ორი სხვადასხვა მწვრთნელის თავკაცობით მოუწია თამაში.
კოლუმბიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჰერნან დარიო გომესი კი მას ისეთ გუნდში გადასვლისაკენ მოუწოდებს, სადაც მას რეგულარულ სათამაშო დროს მისცემენ. დიდია შანსი, რომ ხამესმა ეს რჩევა გაითვალისწინოს.
3. ნემანია მატიჩი (“ჩელსი”) – 1.3
ინგლისურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდში “ჩელსის” ნახევარმცველის, ნემანია მატიჩის მოყვანასაც აპირებს. ჩვენს სიაში ეს ტრანსფერი მესამე პოზიციას იკავებს 1.3 ქულით.
ამ ტრანსფერის განხორციელებას წინ ის ფაქტი უდგას, რომ სერბ ფეხბურთელს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. ამ კონტრაქტის გასაბათილებლად კი “წითელ ეშმაკებს” საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევთ.