„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „არსენალი“ ვან პერსის გოლით დაამარცხა
ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ შედგა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონის „არსენალი“ მიიღო. შეხვედრას ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონიც დაესწრო. რა თქმა უნდა, მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს „წითელი ეშმაკების“ ყოფილი თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი. შეხვედრა მასპინძლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, სტუმრები კი თავიანთ შანსს კონტრშეტევებზე ელოდნენ.
ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა: მასპინძელთა მიერ შეტევის მარცხენა ფლანგიდან კუთხურის შესრულებისას, რობინ ვან პერსი „არსენალის“ ფეხბურთელებმა უყურადღებოდ დატოვეს, რითაც ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა ისარგებლა და თავური დარტყმით თავის ყოფილი გუნდს გოლი გაუტანა, რაც ემოციურადაც აღნიშნა.
გატანილი გოლის შემდეგ, გარკევული პერიოდის განმავლობაში მასპინძლებმა ტერიტორიული უპირატესობა დათმეს და საკუთარი საჯარიმოს მისადგომები საიმედოდ გადაკეტეს, მიმართავდნენ აქტიურ პრესინგს და ლონდონელებს მატჩის სადავეების ხელთ გდების საშუალებას არ აძლევდნენ, მეტიც – მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში სტუმრებს მეტოქის კარში არ დაურტყამთ, „არსენალის“ ფეხბურთელები მათთვის დამახასიათებელ ლაღ ფეხბურთს ვერ გვიჩვენებდნენ. პირველი 45 წუთი „წითელი ეშმაკების“ მინიმალური უპირატესობით დასრულდა – 1:0.
შეხვედრის მეორე ნახევარში საერთო სურათი შეიცვალა. ლონდონელები გააქტიურდნენ, ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო, პირიქით – გოლის გატანის კარგი შანსი მასპინძლებს მიეცათ: მე-60 წუთზე მეტოქის საჯარიმო მოედანზე მყოფმა უეინ რუნიმ ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიშორა და ფაქტობრივად მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ხელსაყრელი ადგილიდან ბურთი კარს ააცილა. დარჩენილ დროში „არსენალი“ ქულის გადარჩენას ეცადა, თუმცა ამაოდ.
საბოლოო ჯამში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოახერხა პირველ ტაიმში დაფიქსირებული შედეგის შენარჩუნება და საჭირო 3 ქულა ჩაიწერა. სატურნირო ცხრილის ლიდერი დამარცხდა და შეწყდა ლონდონელთა კიდევ ერთი სერია – აქამდე პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ყველა შეხვედრაში ჰქონდა „არსენალს“ გოლი გატანილი.
რაც შეეხება სატურნირო ცხრილში მდგომარეობას, „არსენალი“ 25 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, თუმცა მეორეადგილოსან „ლივერპულთან“ სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქტივში 20 ქულაა, რითაც ის „ევერტონთან“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ მეხუთე-მეშვიდე პოზიციებს ინაწილებს.
ინგლისის პრემიერლიგა
XII ტური
„მანჩესტერ იუნაიტედი“–„არსენალი“ 1:0 (1:0)
„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ვიდიჩი (კლევერლი 46′), ევრა, ევანსი, სმოლინგი, ჯონსი, კერიკი, კაგავა (გიგზი 78′), ვალენსია, ვან პერსი (ფელაინი 85′), რუნი.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
„არსენალი“: შჩესნი, სანია, ვერმალენი, გიბსი, კოსელნი, არტეტა (გნაბრი 82′), ფლამინი (უილშირი 61′), რემსი, კაზორლა (ბენდტნერი 78′), იოზილი, ჟირუ.
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
გოლი: ვან პერსი 27′.
გაფრთხილებები: ჯონსი 41′, რუნი 75′ – სანია 31′, ფლამინი 44′, უილშირი 81′.
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი.
ბექა დოგრაშვილი