“მანჩესტერ იუნაიტედმა” ათკაციან “საუთჰემპტონთან” ქულები დაკარგა (ვიდეო)
ინგლისის პრემიერ ლიგის მეოთხე ტური “საუთჰემპტონისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებამ გახსნა. ბოლო ორ ტურში დაკარგული ქულების შემდეგ ოლე გუნარ სულშერს “წმინდანებთან” გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, თუმცა “სოტონმა” მეტოქეს არაფერი დაუთმო.
შეხვედრის პირველი ოცი წუთი “მანკუნიანელების” სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და გოლიც გავიდა – ახალგაზრდა დენიელ ჯეიმსმა ულამაზესი დარტყმით შეძლო სტუმრების დაწინაურება. გაშვებული გოლის შემდეგ “საუთჰემპტონი” გამოფხიზლდა და გასათანაბრებლადაც გაიწია, თუმცა უშედეგოდ – პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
მეორე ნახევარში “საუთჰემპტონმა” აქტიურობა მალევე გარდაქმნა ვესტერგაარდის გოლად – დანიელმა მცველმა პოგბას უყურადღებობით ისარგებლა და ლინდელოფი მარტივად დაჯაბნა საჰაერო ორთაბრძოლაში. 73-ე წუთზე დანსომ არასაჭირო ჯარიმა აიღო, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.
ბოლო 15 წუთში “მანჩესტერ იუნაიტედს” შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა გადამწყვეტი გოლის გასატანად, თუმცა სულშერის ბიჭებმა შანსები ხელიდან გაუშვეს.
ასე რომ, პრემიერ ლიგის საწყისი ოთხი ტურის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედი” მხოლოდ 5 ქულას სჯერდება და შინ “ლესტერ სიტის” დაელოდება, “საუთჰემპტონს” კი 4 ქულა აქვს და “შეფილდ იუნაიტედთან” სათამაშოდ მოემზადება.