„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავკაცის პოსტზე ვან გალის დანიშვნის გამოცხადება გადადო
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გალის დანიშვნის ოფიციალური გამოცხადება გადაიდო და „სქაი სპორტსის“ ცნობით, მიმდინარე კვირაში ეს არც მოხდება. არადა, გასულ კვირაში უცხოურ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ „ჰალ სიტის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა კლუბის თავკაცის პოსტზე ვან გალს წარადგენდა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხარეებს შორის უთანხმოება წარმოიშვა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელ სპეციალისტსა და „წითელ ეშმაკებს“ შორის შეთანხმება მიღწეულია და ახლა მხოლოდ დანიშვნის თარიღია გასარკვევი. შესაძლოა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება მომდევნო კვირაში გაკეთდეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვან გალი ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.
ბექა დოგრაშვილი