“მანჩესტერ იუნაიტედს” ახალი კაპიტანი ჰყავს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა საბოლოოდ გადაწყვიტა, თუ ვის უნდა ჩაებაროს გუნდის კაპიტნის სამკლავური. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ეს როლი უეინ რუნის ანდო. გუნდის ვიცე-კაპიტანი დარენ ფლეტჩერი იქნება.
ვან გაალმა ახალი კაპიტნების შესახებ ისაუბრა.
“გუნდის კაპიტნის არჩევა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი თემაა. უეინს ყველაფრის მიმართ შესანიშნავი დამოკიდებულება აქვს. აღმაფრთოვანა ვარჯიშისა და ჩემი ფილოსოფიის მიმართ მის მიერ გამოვლენილმა პროფესიონალიზმმა. ის დიდებული ფეხბურთელია, გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის შთაგონების წყაროა. მჯერა, რომ კაპიტნის როლს სულით და გულით მიუდგება.
დარენი ვიცე-კაპიტანი იქნება. ის ბუნებით ლიდერია და რუნის არყოფნის შემთხვევაში, კაპიტნის სამკლავურსაც მოირგებს. დარენი ძალზედ გამოცდილი ფეხბურთელია, გასახდელში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს”, – ვან გაალის სიტყვები “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.