„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონია
„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის პრემიერლიგის 2013-14 წლების სეზონის ჩემპიონია.
გათამაშების ბოლო ტურში მეორეადგილოსან „ლივერპულს“ თეორიული შანსი კი ჰქონდა შენარჩუნებული, თუმცა ამისთვის მერსისაიდელებს „ნიუკასლ იუნაიტედი“ უნდა დაემარცხებინათ, „მანჩესტერ სიტის“ კი შინ „ვესტ ჰემთან“ წაეგო. „წითლებმა“ „კაჭკაჭები“ ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, მატჩამდე ლონდონელები კი იმუქრებოდნენ, თუმცა „სიტიმ“ „ვესტ ჰემი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და სეზონი გამარჯვებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ „ეტიჰადზე“ გამართულ შეხვედრას „სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი გიო ქინქლაძეც ესწრებოდა.
ამრიგად, „ქალაქელებისთვის“ ეს რიგით მე-4 ჩემპიონობაა. სათქმელია ისიც, რომ მანუელ პელეგრინიმ, რომლისთვისაც ეს „სიტიში“ გატარებული პირველი სეზონი იყო, მანამდე გუნდთან ერთად ლიგის თასი დაისაკუთრა.