“მანჩესტერ სიტი” სატრანსფერო ბაზარზე დომინირებას აპირებს
“მანჩესტერ სიტის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უკვე დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გუნდს ლეგენდარული თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, დატოვებს.
“ქალაქელები” თილისმის წასვლით გაჩენილი სიცარიელის შესავსებად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დომინირებას აპირებენ. ინგლისისა და ევროპის ჩემპიონობისთვის მებრძოლი კლუბი მზადაა, კიდევ ერთხელ დახარჯოს დიდი თანხა ვარსკვლავების მოსაყვანად.
ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-ს თუ დავეყრდნობით, პეპ გვარდიოლას სამიზნეთა სიაში პირველ ორ პოზიციას ერლინგ ჰოლანდი და ჯეკ გრილიში იკავებენ.
20 წლის ერლინგ ჰოლანდი დორტმუნდის “ბორუსიაში” თამაშით მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს. შესაბამისია მისი სატრანსფერო ფასიც – გერმანული კლუბი ნორვეგიელ ტალანტს 180 მილიონ ევროდ აფასებს. ჯეკ გრილიში კი საკმაოდ დიდი ხანია, რაც უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. 25 წლის ინგლისელი კარიერის საუკეთესო ფორმაში იმყოფება.