“მანჩესტერ სიტი”, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგიდან ერთი წლით მოკვეთონ
პრემიერ ლიგის ჩემპიონ “მანჩესტერ სიტის” საქმეზე მიმდინარე გამოძიება დასასრულს უახლოვდება. ბოლო წლებია უცხოური გამოცემები აქტიურად ცდილობდნენ “ქალაქელების” მხილებას ფინანსური რეგულაციების დარღვევაში, რამაც უეფა იძულებული გახადა, რომ საქმე დეტალურად განეხილა.
ინგლისური ფეხბურთის ჩინოვნიკები, უეფას წარმომადგენლები, ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს უფროსები რამდენიმე თვის მანძილზე მუშაობდნენ ამ საქმეზე. New York Times-ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ნიონში, შვეიცარიაში, ზემოთ აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ამ პირებმა შეხვედრა გამართეს.
როგორც ცნობილი ხდება, გადამწყვეტი სიტყვა საგამომძიებლო სისტემის ლიდერს, ბელგიის ყოფილ პრემიერ მინისტრს, ივეს ლეტერმეს ეკუთვნის. სავარაუდოდ, სასჯელი ჩემპიონთა ლიგიდან “მანჩესტერ სიტის” ერთი სეზონით მოხსნით განისაზღვრება.
რასაკვირველია, ეს უმძიმესი დარტყმა იქნება არაბი ბიზნესმენების მიერ მართული კლუბისთვის, რომელმაც ახლახან აღნიშნა პრემიერ ლიგის მეოთხე ტიტულის მოგება, გამომდინარე იქიდან, რომ “მანჩესტერ სიტის” მთავარ მიზანს სწორედ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, წარმოადგენს.
გეტყვით იმასაც, რომ “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელებმა არსებული გუნდის შესაკრავად 1 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი დახარჯა. ეს ყოველივე შეიხ მანსურ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის ბოლო ოფიციალური ანგარიშის ამონაწერიდან გახლავთ ამოკითხული. ეს პიროვნება კი არაბთა გაერთიანებული საამიროების მმართველის ძმა გახლავთ. 2002 წლიდან შეიხმა მილიარდობით დოლარი დახარჯა, რომ “მანჩესტერ სიტი” მეორე დივიზიონის კლუბიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრენდად გარდაექმნა.