“მანჩესტერ სიტიმ” “ჩელსი” შეარცხვინა: ექვსი უპასუხო გოლი! (ვიდეო)
ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “ეტიჰადმა” უმასპინძლა, სადაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი შინ ლონდონის “ჩელსის” დაუხვდა. მატჩი პეპ გვარდიოლას გუნდის გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა.
“ქალაქელებმა” მეტოქის განადგურება პირველივე წუთებიდან დაიწყეს და ყველაფერი საწყის 25 წუთში დაასრულეს – ანგარიში შეხვედრის მე-4 წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გახსნა. მე-13 და მე-19 წუთებზე გატანილი გოლებით აგუერომ დუბლის გაფორმება შეძლო, ხოლო 25-ე წუთზე გიუნდოგანმა მეოთხე გოლი გაიტანა არისაბალაგას კარში.
შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ორი დარტყმა მიაყენეს მეტოქეს. ჯერ კუნ აგუერომ შეასრულა კიდევ ერთი ჰეთ-ტრიკი თავის კარიერაში (56′), შემდეგ კი სტერლინგმა ზინჩენკოს შრომა დაუფასა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 6:0.
ასე რომ, “მანჩესტერ სიტი” “ლივერპულს” ზეწოლის ქვეშ აყენებს და ამ დროისთვის პირველ პოზიციას იკავებს, თუმცა “მერსესაიდელებს” ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.