„მანჩესტერი“ და „ბაიერნი“ წყვილის პირველ მატჩში დაზავდნენ
გაიხსნა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპი. „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო. მატჩის პირველი ნახევარი გერმანელთა დიდი უპირატესობით წარიმართა. პირველი 45 წუთის შემდეგ ბურთის ფლობის პროცენტული შეფარდება სტუმართა სასარგებლოდ 27% – 73% -ზე იყო, ბავარიელებს ჰქონდათ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა, თუმცა შეხვედრის პირველ ნახევარში ყველაზე რეალური მომენტი ინგლისელებს მიეცათ, როდესაც დანი უელბეკი მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა. ინგლისელმა თავდამსხმელმა ეფექტურად თამაში მოინდომა და მანუელ ნოიერს ბურთის თავზე გადაგდება დაუპირა, თუმცა ეს უყაირათოდ გააკეთა და გერმანელმა კიპერმაც ადვილად მოახერხა სიტუაციის განმუხტვა. მანამდე იყო არიენ რობენის სახიფათო დარტყმული, რომელიც დავიდ დე ხეამ ლამაზ ნახტომში მოიგერია. კიდევ ერთი საიტერესო ეპიზოდი „წითელი ეშმაკების“ საჯარიმო მოედანზე შეიქმნა, როდესაც მასპინძელთა ჰოლანდიელ მცველ ალექსანდერ ბიუტნერს ბურთი ხელზე მოხვდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა კარლოს ველასკო კარბალიომ ამ მომენტში პენალტი არ დანიშნა. ასე თუ ისე, ტაიმი უგოლოდ მიიწურა, თუმცა ბავარიელთა უპირატესობა აშკარა იყო და დევიდ მოიესსაც სიტუაციის გამოსასწორებლად რაიმე უნდა შეეცვალა.
მეორე ტაიმის სტარტზე ვეტერანი რაიან გიგზის ნაცვლად მოედანზე გაცილებით ენერგიული სინძი კაგავა შემოვიდა, რომელმაც მასპინძელთა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ინგლისელებმა მოედნის შუა ხაზში თამაში გამოასწორეს და ხელთ ინიციატივაც იგდეს. შედეგად, 58-ე წუთზე მათ ერთ-ერთ შეტევას კუთხური, კუთხურს კი გოლი მოჰყვა, რომელიც „ბაიერნის“ საჯარიმო მოედანზე უყურადღებოდ მყოფმა ნემანია ვიდიჩმა თავური დარტყმით გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები კვლავ გააქტიურდნენ და ანგარიშიც მალევე გაათანაბრეს. 66-ე წუთზე შეტევა არიენ რობენმა წამოიწყო, რომელმაც მარჯვენა ფრთაზე რაფინია მოძებნა, ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც შეცვლაზე შემოსულმა მარიო მანჯუკიჩმა თავით ბურთი ბასტიან შვაინშტაიგერს დაუგდო და გერმანელმაც ახლო მანძილიდან დე ხეას აუღებელი დაურტყა — 1:1.
ეს ანგარიში სრულიადაც არ აკმაყოფილებდათ მასპინძლებს. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მოიესმა გარისკა და ბიუტნერის ნაცვლად ეშლი იანგი შეუშვა მოედანზე, მოგვიანებით უელბეკის მაგივრად ხავიერ ერნანდესი გამოვიდა. ამ უკანასკნელმა გუნდისთვის სახეირო ის გააკეთა, რომ ხავი მარტინესს თამაშის წესი დაარღვევინა, რითვისაც ბასკმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო და განმეორებით მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ უკვე შვაინშტაიგერი ეუხეშა უეინ რუნის, რის გამოც გერმანელმა ფეხბურთელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. შესაბამისად, მომდევნო შეხვედრას ისიც გამოტოვებს. ორი ცენტრალური ნახევარმცველის გამოკლებით ხოსეპ გვარდიოლას სერიოზული თავის ტკივილი გაუჩნდა და საინტერესოა, როგორ გაართმევს ამ პრობლემას თავს „ბაიერნი“.
საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ყველაფერი „ალიანს არენაზე“, 9 აპრილს გასამართ შეხვედრაში გადაწყდება.
უეფას ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (პირველი მატჩი)
„მანჩესტერ იუნაიტედი“ — „ბაიერნი“ 1:1 (0:0)
„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ბიუტნერი (იანგი 74′), ჯონსი, კერიკი, ვალენსია, გიგზი (კაგავა 46′), ფელაინი, რუნი, უელბეკი (ერნანდესი 85′).
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
„ბაიერნი“: ნოიერი, ლამი, რაფინია, ბოატენგი, ალბა, რობენი, შვაინშტაიგერი, რიბერი, ხავი მარტინესი, კროოსი (გიოტცე 74′), მიულერი (მანჯუკიჩი 63′).
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გოლები: ვიდიჩი 58′ — შვაინშტაიგერი 66′.
გაფრთხილებები: ვალენსია 15′ — შვაინშტაიგერი 61′, მანჯუკიჩი 82′, ხავი მარტინესი 89′.
გაძევება: შვაინშტაიგერი 90′.
მთავარი მსაჯი: კარლოს ველაკო კარბალიო (ესპანეთი).
ბექა დოგრაშვილი