მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ“ „იუნაიტედი“ გაანადგურა
ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის ცენტრალური შეხვედრა „ეტიჰადზე“ შედგა, სადაც „მანჩესტერ სიტიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მე-16 წუთზე ანგარიში სერხიო აგუერომ გახსნა, პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი გოლით თავი იაია ტურემ გამოიჩინა. მატჩის მეორე ნახევრის დებიუტში აგუერომ დუბლი გაიფორმა, სამი წუთის შემდეგ კი გოლის გატანა სამირ ნასრიმაც მოახერხა. ერთადერთი რამ, რაც „წითელმა ეშმაკებმა“ შეძლეს, ეს პრესტიჟის გოლის გატანა გახლავთ. 87-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ერთი ბურთი უეინ რუნიმ გაქვითა – 4:1.
ეს პირველი მანჩესტერული დერბი იყო როგორც გუნდების მთავარი მწვრთნელებისთვის, ასევე ცალკეული მოთამაშეებისთვის – მარუან ფელაინი („იუნაიტედი“), ხესუს ნავასი („სიტი“), ალვარო ნეგრედო („სიტი“) და ფერნანდინიო („სიტი“). სათქმელია, რომ ნეგრედომ თავისი პირველი მანჩესტერული დერბი ორი საგოლე პასით აღნიშნა. ხესუს ნავასმა კი ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. საზარდულის ტრავმის გამო, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო რობინ ვან პერსიმ.
5 ტურის შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ 10 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კი 7 ქულა დარჩა და მე-8 პოზიციამდე დაქვეითდა.
ინგლისის პრემიერლიგა
V ტური
„მანჩესტერ სიტი“-„მანჩესტერ იუნაიტედი“ 4:1 (2:0)
„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი, კომპანი, ზაბალეტა, კოლაროვი, ნასტასიჩი, ნასრი, იაია ტურე, ხესუს ნავასი (მილნერი 71′), ფერნანდინიო, აგუერო (ხავი გარსია 86′), ნეგრედო (ჯეკო 75′).
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა. სმოლინგი, კერიკი, ვალენსია, იანგი (კლევერლი 51′), ფელაინი, რუნი, უელბეკი.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
გოლები: აგუერო 16′, 47′, ტურე 45+1′, ნასრი 50′ – რუნი 87′.
გაფრთხილებები: ნასტასიჩი 5′ – რუნი 30′, ვალენსია 70′.
მთავარი მსაჯი: ჰოვარდ უები.
ბექა დოგრაშვილი