მანჩესტერული დერბის მოლოდინში
ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში მანჩესტერული დერბი შედგება. „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელთაც აქტივში 7-7 ქულა აქვთ, ერთმანეთს „ეტიჰადზე“ დაუპირისპირდებიან.
ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებული რობერტო მანჩინი მანუელ პელეგრინიმ შეცვალა, პენსიაზე გასული ალექს ფერგიუსონის სავარძელი კი დევიდ მოიესმა მოირგო.
„ეს იქნება მატჩი 6 ქულისათვის. პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ყოველთვის იბრძოდა და იბრძოლებს ინგლისის ჩემპიონობისთვის. თქმა არ უნდა იმას, რომ წაგებას ფრე სჯობს, თუმცა ჩვენ პირველივე წუთებიდანვე შევეცდებით გამარჯვებისთვის ბრძოლას. „მანჩესტერ იუნაიტედს“ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს. რუნი ერთ-ერთი მათგანია, თუმცა ყურადღება მხოლოდ მის მიმართ არ უნდა გამოვიჩინოთ. სხვებიც უნდა გვყავდნენ თვალთახედვის არეალში. ვან პერსი და ვალენსიაც ძალზედ სახიფათონი არიან“, – აღნიშნა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პელეგრინიმ.
„წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. კარგია, რომ გასულ კვირას რუნიმ დუბლი გაიფორმა. ის კარგ ფორმაშია და ვიმედოვნებ, რომ ამ მდგომარეობას შეინარჩუნებს კიდეც. გვინდა, რომ რუნიმ კიდევ უფრო მოუმატოს. მე მას ყოველთვის ამას ვთხოვ“, – განაცხადა „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა დევიდ მოიესმა.
მანჩესტერული დერბისთვის პირველად ემზადებიან როგორც გუნდების მთავარი მწვრთნელები, ასევე ცალკეული მოთამაშეები – მარუან ფელაინი („იუნაიტედი“), ხესუს ნავასი („სიტი“), ალვარო ნეგრედო („სიტი“) და ფერნანდინიო („სიტი“).
მატჩი დღეს, ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება და მას ჰოვარდ უები განსჯის.
ბექა დოგრაშვილი