მანჩინი: “ეს მარცხი არაფერს არ ცვლის”
იტალიის სერია A-ს VI ტურში მილანის “ინტერმა” “ჯუზეპე მეაცაზე” “ფიორენტინა” მიიღო და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ “ნერიაძურის” თავკაცმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ შეხვედრის დებიუტში განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.
“მატჩი საშინლად დაიწყო. გოლი მე-4 წუთზე გავუშვით, შემდეგ კონტრშეტევაზეც დაგვიჭირეს, ამას გაძევება მოჰყვა. ამის შემდეგ თამაშის შემოტრიალება პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. ვულოცავ “ფიორენტინას”.
ამ მატჩამდე ღრუბლებში არ დავფრინავდით, ასე რომ ეს მარცხი ციდან მიწაზე არ დაგვანარცხებს. დღევანდელი წაგება ჩვენს სასეზონო მიზანს არ ცვლის”, – მანჩინის სიტყვები Football italia-მ გამოაქვეყნა.