მანჩინი: “იმედი გვაქვს, მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ”
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართული მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, გუშინ, საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში იტალიელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად გამარჯვება სჭირდებოდათ. მანჩინის გუნდმა ჩრდილოეთ ირლანდია ვერ დაამარცხა, უშუალო კონკურენტმა შვეიცარიამ ბულგარეთს 4:0 მოუგო და 2022 წლის მუნდიალის საგზური მოიპოვა. შესაბამისად, იტალია ფლეი-ოფში ითამაშებს.
“ახლა ვეღარაფერს შევცვლით. ყველაფერი მარტში გადაწყდება, ბოლომდე დავიხარჯებით. ამ ეტაპისათვის, გოლების გატან გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეებთან ბურთის ფლობაში უპირატესობა გვაქვს. გადამწყვეტ შეხვედრებში ორი პენალტი ვერ გამოვიყენეთ, ეს მატჩები უნდა მოგვეგო.
ახლა მარტისთვის მოვემზადებით და ფლეი-ოფს თავდაჯერებულები შევხვდებით. იმედი გვაქვს, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოვიპოვებთ და შემდეგ მუნდიალსაც მოვიგებთ. მთავარი, მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ და არ აქვს მნიშნელობა, ეს როგორ მოხდება”, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Goal.Com.