მანჩინი: “პირლოს გაუმართლა. მე კარიერა “ფიორენტინაში” დავიწყე და არა – “იუვეში”
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ტურინის “იუვენტუსის” თავკაცის პოსტზე ანდრეა პირლოს დანიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“არ ველოდი, რომ “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდებოდა. მეგონა, რომ ტურინელები მომდევნო ეტაპზე გავიდოდნენ, მაგრამ ეს საშინელი, არაპროგნოზირებადი და რთული წელი იყო, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც რეკონსტრუქციის პროცესს გადიოდა, მაგალითად, “იუვენტუსისთვის”. მაურისიო სარიმ გუნდი თავისი ფეხბურთით ვერ აათამაშა.
პირლოს გაუმართლა. ის თავის სამწვრთნელო კარიერას მწვერვალიდან, საუკეთესო გუნდიდან იწყებს. შესაძლოა, არც მე დამიწყია ფსკერიდან, მაგრამ მე “ფიორენტინაში” დავიწყე და არა – “იუვენტუსში”.
ყველა ადამიანი იწყებს ოდესღაც. ანდრეა ახალ გზაზე დადგა. მივყვეთ და თვალი ვადევნოთ. მას წარმატებას ვუსურვებ”, – მანჩინის კომენტარი “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.