მანჩინი: “თუ ევროპის ლიგაზე ვერ მოვხვდებით, ამით “ინტერის” სიდიადე არ შეწყდება”
იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი “სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართება, სადაც რომის “ლაციო” ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლ მილანის “ინტერს” მიიღებს. “ნერიაძურის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი, რომელიც თავის დროზე “ლაციოს” ღირსებას მოთამაშის და მწვრთნელის ამპლუაშიც იცავდა, დამდეგ შეხვედრაში ღია, სანახაობრივ თამაშს ელის. მისი თქმით, დრო მოვიდა, მილანური გუნდები ძველ დონეს დაუბრუნდნენ და სკუდეტოსთვის იბრძოლონ.
“ორივე გუნდს დიდი მოტივაცია აქვს — “ლაციო” ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად, “ინტერი” კი ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ჩვენ შორის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო გამოდის ხოლმე. ვფიქრობ, ღია თამაში იქნება, ბევრი სახიფათო მომენტით.
“ინტერი” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპის ლიგაზე მოვხვდეთ. თუ ამას ვერ შევძლებთ, ამით “ინტერის” სიდიადე არ შეწყდება, მომდევნო სეზონშიც ვიბრძოლებთ მაღალი პოზიციებისთვის. გუნდმა თამაში გააუმჯობესა, კმაყოფილი ვარ ამ პროგრესით. ჩვენ ვაშენებთ გუნდს, რომელიც იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად და იტალიის ჩემპიონობისთვის. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს. მჯერა, სწორ გზას ვადგავართ”, – მანჩინის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.
მატჩი “ლაციოსა” და “ინტერს” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.