“მაყურებლის გარეშე საერთაშორისო მატჩების გამართვა გამოსავალი არ არის” – კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განცხადება გამოაქვეყნა და უეფას მიმართა.
“მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, მაყურებლის გარეშე საერთაშორისო მატჩების გამართვა გამოსავალი არ არის, რადგან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მგზავრობით საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება უწევთ. თითოეულმა ფედერაციამ, უეფასთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ გულშემატკივარის უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე! ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ.
მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უეფას გადაწყვეტილებით, ევრო 2020-ის ფლეი-ოფის ნახევარფინალურ ეტაპზე, 26 მარტს გასამართი ჩრდილოეთ მაკედონია – კოსოვოს მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. ჯერ-ჯერობით უნცობია, რა ბედი ელის საქართველო – ბელორუსის დაპირისპირებას.
ამავდროულად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარი ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება.
😷 #COVID19 #CoronaVirus #Football @UEFA @GeorgianFF pic.twitter.com/VDbRSg5Vsd
— Levan Kobiashvili (@LKobiashvili) March 11, 2020