მარადონა: “ბლატერი ქურდია, პლატინი – მატყუარა”
არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ზეპ ბლატერი და უეფას ხელმძღვანელი მიშელ პლატინი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ივნისში ფიფას პრეზიდენტის პოსტზე არჩევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბლატერმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. იგი მოვალეობის შესრულებას ხელახალ არჩევნებამდე აგრძელებს, რომელიც 2016 წლის თებერვალში ჩატარდება.
ფიფას საპრეზიდენტო პოსტისთვის ბრძოლას მარადონაც აპირებს. არგენტინელი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ბლატერს გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ თითქმის არცერთი საჯარო ინტერვიუ არ მიუცია.
“იგი მთელი მსოფლიოსგან განცალკევებულია, ციხეშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბლატერი ქურდია. რაც შეეხება პლატინის, იგი მატყუარაა. მას ტყუილის თქმა ბლატერმა ასწავლა”, – ციტირებს მარადონას სიტყვებს L’Equipe-ი.