მარადონას არგენტინა, ბეილის უელსი და სხვა “ერთი კაცის გუნდები”
ფეხბურთი გუნდური თამაშია, თუმცა ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალიზმი ზოგჯერ არამხოლოდ ერთი კონკრეტული მატჩის, არამედ ტურნირის ბედსაც წყვეტს. დღეს ასეთ მაგალითად გარეტ ბეილის უელსის ნაკრები გვესახება, რომელმაც ევრო-2016-ის მეოთხედფინალურ ეტაპამდე გააღწი, რასაც ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი ვერც წარმოიდგენდა. ფეხბურთის ისტორიიდან გავიხსენოთ ის გამოკვეთილი ლიდერები, რომელთა თამაშმაც მათ ეროვნულ გუნდს დიდ ტურნირებზე განსაკუთრებული წარმატება მოუპოვა.
ჟიუსტ ფონტენი | საფრანგეთი | 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი | შორეულ 1958 წელს ფონტენმა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღემდე მიუღწეველი რეკორდი დაამყარა და საფრანგეთის ნაკრებს მესამე ადგილის მოპოვებაში დაეხმარა. ფრანგმა ფეხბურთელმა ტურნირზე 13 გოლი გაიტანა, რაც დღემდე საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.
გარინჩა | ბრაზილია | 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი | როდესაც ადამიანები მუნდიალზე ბრაზილიელი გმირების შესახებ საუბრობენ, პირველ რიგში პელესა და რონალდოს ასახელებენ, თუმცა არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ აღიარებას იმსახურებს. გარინჩა 1962 წლის გამარჯვების მთავარი შემოქმედია. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე პელე დაშავდა და ლიდერის როლი იტვირთა გარინჩამ, რომელმაც გუნდი ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა და 4 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
ეუსებიო | პორტუგალია | 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი | ეუსებიო არამხოლოდ თავისი ეპოქის, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა 50 წლის წინ მისი საუცხოო თამაში და გოლები საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ პორტუგალიის ნაკრები 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გამხდარიყო.
მიშელ პლატინი | საფრანგეთი | 1984 წლის ევროპის ჩემპიონატი | პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს იმ დროის საფრანგეთის ნაკრების საუცხოო გუნდი და შესაძლოა, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ნახევარდაცვის ხაზი, რომელსაც პლატინი აგვირგვინებდა. ევრო-1984-ზე პლატინიმ ხუთ მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და გუნდს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოუტანა.
დიეგო მარადონა | არგენტინა | 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი | გამოთქმა “ერთი კაცის გუნდი” ყველაზე მეტად სწორედ მარადონასა და არგენტინის ნაკრებს ესადაგება. 1986 წლის მუნდიალის მთავარი გმირი მარადონა გახდა. საყვედურობენ, მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებს გოლი ხელით გაუტანაო, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ იმავე შეხვედრაში ისეთი მშვენების გოლი გაიტანა, რომლის მსგავსიც მანამდე არავის ენახა. ამიტომაც, მოგვიანებით საუკუნის გოლად შერაცხეს.
როჟე მილა | კამერუნი | 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი | 38 წლის როჟე მილა კამერუნის ნაკრების საკულტო ფიგურა გახდა და სრულიად დამსახურებულად შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ გუნდში. ჩემპიონატში ოთხი გოლი გაიტანა, რასაც ალამთან ცეკვით აღნიშნავდა. კამერუნის ნაკრები მეოთხედფინალურ ეტაპამდე გავიდა, რაც აფრიკული გუნდებისთვის დღემდე საუკეთესო შედეგია.
ხრისტო სტოიჩკოვი | ბულგარეთი | 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი | სტოიჩკოვამდე ბულგარეთის ნაკრებს საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია. აი, ევრო-1994-ზე კი გუნდმა ნახევარფინალას უწია და გზად იმ დროს მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები ჩამოიშორა. ამ წარმატების მთავარი შემოქმედი კი სწორედ ხრისტო სტოიჩკოვი გახლდათ, რომელიც შემდეგ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
სამუელ ეტოო | კამერუნი | 2000 წლის აფრიკის ერთა თასი | რთულია იმის თქმა, როდის იყო ეტოოს კარიერის პიკი, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ 2000 წელს მან აფრიკის თასის დასაკუთრებაში ლომის წილი დაიდო.
კრიშტიანუ რონალდუ | პორტუგალი | 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი | კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრების უმთავრესი ვარსკლავია და ასე იყო 4 წლის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც, თუმცა მაშინ გუნდი ნახევარფინალურ ეტაპზე პენალტების სერიაში მომავალ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი | შვედეთი | 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი | მიუხედავად იმისა, რომ ზლატანს 13-ჯერ აქვს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატი მოგებული, შვედეთის ნაკრებში იგი ამ მხრივ შეზღუდულია, ვინაიდან უბრალოდ თანაგუნდელები ვერ არიან მისი დონისანი. ევრო-2012 შვედეთის ნაკრებისთვის ჰენრიკ ლარსონის გარეშე პირველი საერთაშორისო ტურნირი გახლდათ და მას შემდეგ გუნდი მთლიანად იბრაჰიმოვიჩზე იყო დამოკიდებული, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სანაკრებო კარიერა დაასრულა. შვედეთი ახალი ვარსკვლავის მოლოდინშია.
ხამეს როდრიგესი | კოლუმბია | 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი | ხამეს როდრიგესის ლიდერობით კოლუმბიის ნაკრებმა ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატში მეოთხედფინალამდე გააღწია, შემდეგ კი მადრიდის “რეალმა” ფეხბურთელში 80 მილიონი ევრო “გაისროლა”. კოლუმბიის ნაკრბმა ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი მოიგო და სამივე ჯერზე საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ხამესი დასახელდა. კოლუმბიელი ფეხბურთელი საუკეთესო იყო ტურნირის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაშიც, რომელშიც მისი დუბლის წყალობით კოლუმბიამ ურუგვაის ნაკრები 2:0 დაამარცხა. სულ კი, ხამესმა ტურნირზე ჩატარებულ ხუთ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და სამშობლოში გმირად დაბრუნდა.
გარეტ ბეილი | უელსი | 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი | ჯერ არ ვიცით, რამდენად შორეულ ეტაპამდე გააღწევს უელსის ნაკრები, თუმცა ბეილის სამნახევარმა გოლმა (ნახევარ გოლად ჩრ. ირლანდიის ნაკრების მცველ მაკალის ავტოგოლი ჩავთვალეთ) უელსის ნაკრები მეოთხედფინალურ სტადიამდე გაიყვანა, რაც ამ გუნდისთვის უკვე წარმატებაა.