მარადონას კიდევ ერთი შვილი ჰყავს? დიეგოს შესაძლო ვაჟი მის ექსჰუმაციას ითხოვს
19 წლის სანტიაგო ლარა აცხადებს, რომ დიეგო მარადონა მისი ბიოლოგიური მამაა. ლარა საჯაროდ პირველად 2016 წელს გამოჩნდა. მაშინ მან მარადონას დნმ ტესტის ჩატარება სთხოვა, თუმცა არგენტინელი ფეხბურთელისგან უარი მიიღო.
დიეგო ორი დღის წინ დაკრძალეს. სანტიაგო ლარამ თავის ადვოკატს სთხოვა, რომ ექსჰუმაციის თაობაზე შესაბამისი ორგანოსთვის მიემართა.
მისი დედა ნატალია გარატი იყო, რომელიც ოფიციანტად მუშაობდა, 23 წლის ასაკში კი ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ის ამტკიცებდა, რომ დიეგოსთან შვიდი წლის განმავლობაში ფარული რომანი ჰქონდა.
“სამწუხაროდ, დედა გარდამეცვალა. მაშინ მხოლოდ სამი წლის ვიყავი, მაგრამ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან მითხრა, რომ დიეგოს შვილი ვარ. უბრალოდ მინდა, გავიგო, ვინ ვარ. ჩემთვის ფინანსური მხარე მნიშვნელოვანი არ არის”, – ამბობს სანტიაგო ლარა.
ცნობილია, რომ დიეგო მარადონას ოთხი სხვადასხვა ქალისგან ხუთი შვილი ჰყავს: სამი ქალიშვილი (ჯანინა, დალმა და იანა) და ორი ვაჟი (დიეგო სინაგრა და დიეგო ფერნანდო).