მარგველთა მორიგი დერბის მოლოდინში
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 16 აგვისტოს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდას სტადიონზე ესტუმრებიან.
მარგვეთის მხარის წარმომადგენელი ამ ორი კლუბის დაპირისპირებათა ისტორია 2006 წლის 9 სექტემბერს იღებს სათავეს და სადღეისოდ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართულ 10 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში მცირე უპირატესობა საჩხერელთა მხარესაა – 4 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 13:10.
გუნდების გზები ერთხელ დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც გადაიკვეთა. 2008-2009 წლების თასის გათამაშების პირველი მერვედფინალურ მატჩი 2008 წლის 30 აგვისტოს გაიმართა, ზესტაფონელებმა საჩხერელი სტუმრები დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. გატანილი გოლები ბექა გოცირიძის, ერიკ რომეო ჩასემის, ნიკა კვასხვაძის (ეს ფეხბურთელი დღესდღეობით სწორედ “ჩიხურას” ღირსებას იცავს) და ორჯერ ნიკოლოზ გელაშვილის (3-0 და 5-0) ანგარიშზეა. ამ მერვედფინალური წყვილის საპასუხო შეხვედრა 2008 წლის 17 სექტემბერს საჩხერეში გაიმართა და მირიან მიქაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება “ჩიხურას” ფეხბურთელებმა მოიპოვეს – 1-0.
საჩხერის “ჩიხურას” და “ზესტაფონს” შორის 16 აგვისტოს გასამართი შეხვედრა, რომელსაც სამტრედიელი ფიფას არბიტრი თორნიკე გვანცელაძე განსჯის, 17:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი კი “პირველი არხის” ეთერში გადაიცემა.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური