მარგველთა მორიგი დერბის მოლოდინში
”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისთვის ემზადება. 2015 წლის 1 მარტს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის წელს გასამართ პირველ საშინაო, რიგით კი მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” უმასპინძლებენ.
მარგვეთის მხარის წარმომადგენელი ამ ორი კლუბის დაპირისპირებათა ისტორია 2006 წლის 9 სექტემბერს იღებს სათავეს და სადღეისოდ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართულ 11 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში მცირე უპირატესობა საჩხერელთა მხარესაა – 5 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 15:11.
დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში გუნდების გზები გადაკვეთილა. 2008-2009 წლების თასის გათამაშების პირველი მერვედფინალურ მატჩი 2008 წლის 30 აგვისტოს გაიმართა, ზესტაფონელებმა საჩხერელი სტუმრები დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. გატანილი გოლები ბექა გოცირიძის, ერიკ რომეო ჩასემის, ნიკა კვასხვაძის და ორჯერ ნიკოლოზ გელაშვილის (3-0 და 5-0) ანგარიშზეა. ამ მერვედფინალური წყვილის საპასუხო შეხვედრა 2008 წლის 17 სექტემბერს საჩხერეში გაიმართა და მირიან მიქაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება “ჩიხურას” ფეხბურთელებმა მოიპოვეს – 1-0.
მეორეჯერ კი ზემოიმერული გუნდების გზები გასულ შემოდგომაზე, თასის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალურ სტადიაზე გადაიკვეთა. 2014 წლის 17 ნოემბერს სოფელ ივანწმინდაში გამართული შეხვედრა უგოლოდ 0-0 დასრულდა, 26 ნოემბერს ზესტაფონში ჩატარებული მატჩი კი სტუმრებმა მოიგეს 0-1 – მასპინძელთა კარში ერთადერთი გოლი ექს-ზესტაფონელმა თეიმურაზ ღონღაძემ გაიტანა და თავის ახალ გუნდს გზა გათამაშების მეოთხედფინალისკენ გაუხსნა.
საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის 1 მარტს გასამართი შეხვედრა, რომელსაც ხონელი ეროვნული კატეგორიის არბიტრი დავით სანოძე განსჯის, 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ონლაინ-რეპორტაჟი კი ჩვენს საიტზე გადაიცემა.
FCZestafoni.GE