მარიო გიოტცე: “ნაკრებში დაბრუნებით ბედნიერი ვარ”
მარიო გიოტცეს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილი გოლის შემდეგ, ფაქტობრივად, ნაკრებში ღირებული აღარაფერი შეუქმნია. ახლა კი, მეტაბოლიზმის პრობლემის მოგვარებას, გერმანელის როგორც საკლუბო, ისევე სანაკრებო ფეხბურთში დაბრუნება მოჰყვა. მისი ნაკრები 10 და 14 ნოემბერს ინგლისისა და საფრანგეთის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.
25 წლის მოთამაშემ დღეს ნაკრებში გამოძახების ფაქტზე ისაუბრა.
“კონფედერაციის თასზე ასეთი ასპარეზობისა და საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრები სწორ გზას ადგას. იგი მუდმივად ვითარდება. ახლა წინ ორი რთული შეხვედრა გველის ძლიერ მოწინააღდეგეებთან. ჩემთვის მნიშვნელოვანია, კარგად ვითამაშო, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში. ახალ წელს დიდი იმედებით ვხვდები.”
გიოტცემ შარშან ბუნდესლიგაში 11 შეხვედრა ჩაატარა და, შემდეგ, მეტაბოლიზმის პრობელის გამო გამოაკლდა გუნდს.
“ეს ჩემი პირველი ტრავმა და ფეხბურთიდან პირველი შესვენება არ ყოფილა. რეაბილიტაციას საკმაო ხანს გავდიოდი. შევიცვალე ფიზიკური ფორმა და, ჩემი აზრით, აქედან გამომდინარე, სათამაშო სტილიც. ამ დროს არ უნდა დანებდე და მხოლოდ პოზიტივზე იფიქრო. ჩემი მიზანი ამ საფხულში პრე-სეზონზე დაბრუნება იყო და ეს შევძელი!” – აცხადებს მარიო.