მარიო მანჯუკიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, მარიო მანჯუკიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 32 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო.
“ძვირფასო გულშემატკივრებო, მე ყოველთვის მირჩევნია მოედანზე ვისაუბრო, ვიდრე მის მიღმა. ამ სიტყვების თქმა უფრო რთულია, ვიდრე მეტოქისათვის ფეხებში ვარდნით ბურთის წართმევა ან 120 წუთის შემდეგ სპრინტის გაკეთება. რთულია, რადგან ვიცი, რომ მატჩის წინ ხორვატიის ჰიმნის მოსმენა საუკეთესო შეგრძნებაა. რთულია, რადგან ვიცი, რომ ეს დასასრულია: მე ხორვატიის ნაკრებს ვემშვიდობები.
ვერცხლის მედალმა ახალი ენერგია მომცა და ამავდროულად, ამ წარმოუდგენელი გადაწყვეტილების მიღება უფრო გამიადვილა. ჩვენ ოცნებებით ვცხოვრობდით და ისტორიულ წარმატებას მივაღწიეთ. ის, რაც ხორვატიის ქუჩებში ხდებოდა, ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მოგონებად დარჩება.
დამშვიდობებისათვის იდეალური დრო არ არსებობს. რომ შეგვეძლოს, ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ხორვატიის ნაკრებში სიცოცხლის ბოლომდე ვითამაშებდით. თუმცა, ვფიქრობ, ახლა დროა… მე ნაკრებისათვის ბოლომდე დავიხარჯე და უდიდეს წარმატებაში წვლილი შევიტანე. ჩვენ, ყველას ერთი მიზანი გვქონდა: ხორვატიისათვის ბოლომდე უნდა გვებრძოლა. მადლობა ყველას, ვინც ჩემს კარიერაში დამეხმარა.
მადლობა ფანებს. არცერთი ჩვენთაგანი სრულყოფილი არ არის. ნაკრებში ყოფნის დროს ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენე, არაზუსტი პასები გავაკეთე და შეცდომები დავუშვი. თუმცა, მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და მოედანზე გულს ვტოვებდი. მადლობა, რომ თქვენ ამას ხედავდით და გუნდს გვერდში ედექით. დღეიდან მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნები”, – ვკითხულობთ მანჯუკიჩის განცხადებაში.
მანჯუკიჩს ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა. მას შემდეგ, ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით ჩატარებულ 89 მატჩში მან 33 გოლის გატანა მოახერხა.