მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონატსაც დაუბრუნდა
ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, 1 თვის წინ მოედანს დაბრუნებული მანუჩარ მარკოიშვილი მხოლოდ ევროლიგაში თამაშობდა. წუხელ კი ქართველ უკანახაზელს თურქეთის ჩემპიონატშიც მოუწია გარჯა. სტამბოლის „გალათასარაის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მანუჩარი უკვე იმდენად გამოჯანმრთელდა, რომ კვირაში 2 მატჩი ჩაატაროს.
მარკოიშვილის თურქულ ლიგაში დაბრუნება უიღბლო აღმოჩნდა. „გალათასარაიმ“ „ქარშიაქას“ უმასპინძლა და მოულოდნელად მარცხი განიცადა – 70:72. ამ გამარჯვებით ქარშიაქელები „გალათასარაის“ დაეწივნენ და 4 გუნდს – პლუს „ბეშიქთაშს“ და „უშაქს“ – თანაბარი ქულები აქვთ და 4-7 ადგილებს იყოფენ.
მარკოიშვილმა 24:49 წუთი ითამაშა და სტამბოლელებს 3 ქულით, 3 პასით და 1 მოხსნით შეეწია. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. „გალათასარაიში“ არ უთამაშია პუერტორიკოელ უკანახაზელ კარლოს აროიოს, საუკეთესო შედეგი ფურქან ალდემირმა დააფიქსირა – 13 ქულა, 10 მოხსნა. ბომბარდირი ენდერ არსლანი გახდა, რომელმაც 15 ქულა დააგროვა.
სტამბოლელები მორიგ მატჩს 15 აპრილს, ტრაბზონში, ადგილობრივ „ტრაბზონსპორთან“ გამართავენ.
gbf.ge