მარკოიშვილის “გალათასარაიმ” ჩემპიონობა საკუთარი ნებით დათმო და ფინალზე არ გამოცხადდა
უპრეცედენტო რამ მოხდა თურქეთის ჩემპიონატში. ფინალური სერიის მე-7, გადამწყვეტი მატჩის სათამაშოდ, რომელსაც ოქროს მედლების მფლობელი უნდა გამოევლინა, ერთ-ერთი გუნდი არ გამოცხადდა და შესაბამისად, ტექნიკური წაგება – 0:20 ჩაეთვალა.
ეს გუნდი გახლდათ მანუჩარ მარკოიშვილის „გალათასარაი“, რომელიც საფინალო მეტოქის, თანაქალაქელი „ფენერბაჰჩეს“ დარბაზში სათამაშოდ არ მივიდა. ეს გახლდათ პროტესტი იმისა, რომ მსაჯები და შესაბამისად თურქეთის კალათბურთის ფედერაცია „ფენერბაჰჩეს“ მფარველობდნენ. „გალათასარაის’ ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ აზრი არ ჰქონდა მეტოქის დარბაზში მისვლას და იქ ჩემპიონობის უშანსოდ დათმობას.
მარკოიშვილის გუნდმა წინა დღეებში განაცხადა, რომ სათამაშოდ „ულქერ არენაზე“ არ მივიდოდა და ასეც მოიქცა. მაშ ასე, „ფენერბაჰჩე“ ჩემპიონია, „გალათასარაი“ კი ალბათ ვერცხლის მედლებსაც ვერ მიიღებს და სუპერფინალურ მატჩზე გამოუცხადებლობისთვის სანქციები დაეკისრება.
gbf.ge