მარკოიშვილის თურქეთის ჩემპიონობას ერთი მატჩი გადაწყვეტს
თურქეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში, რომელშიც მანუჩარ მარკოიშვილის „გალათასარაი“ ჩემპიონობისთვის თანაქალაქელ „ფენერბაჰჩეს“ ებრძოლება, მე-7, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა.
სერიის მეექვსე მატჩს „გალათასარაის“ „აბდი იპექჩის“ დარბაზმა უმასპინძლა. სტუმრები ბევრს ეცადნენ, ჩემპიონობა მეტოქის მოედანზე მოეპოვებინათ, მაგრამ „გალათასარაიმ’ არ დაანება. ბოლო მეოთხედის წინ „ფენერბაჰჩე“ 2 ქულით ლიდერობდა, მაგრამ გადამწყვეტ პერიოდში მასპინზლებმა მეტოქეს 27:17 აჯობეს და საბოლოოდ 85:77 გაიმარჯვეს.
მარკოიშვილმა მხოლოდ 16:15 წუთი ითამაშა. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო, თავი 7 ქულას მოუყარა და ამას ერთადერთი მოხსნა მიამატა. საუკეთესო კარლოს აროიო იყო, რომელმაც 19 ქულა და 9 პასი მიითვალა. 19 ქულით დაასრულა შეხვედრა ზორან ერცეგმაც.
მაშ ასე – ჩემპიონი 19 ივნისს გამოვლინდება. თუ ფინალურ სერიაში აქამდელი ტრადიცია გაგრძელდება, რომლის თანახმადაც მასპინძელი იგებს, ჩემპიონი „ფენერბაჰჩე“ გახდება. მარკოიშვილი და „გალათასარაი“ ამ ტრადიციის დარღვევას და ჩემპიონის ტიტულის დაცვას შეეცდებიან.
gbf.ge