მარკოიშვილს ფინალში გმირობა არისელმა პალაშიჩმა არ დაანება
სულ მცირე დააკლდა მანუჩარ მარკოიშვილს, ნიკოს გალისის მემორიალის ფინალის გმირი გამხდარიყო. მოსკოვური ცსკა-ს ქართველმა მსროლელმა თვისი საქმე გააკეთა, სალონიკის „არისთან“ შეხვედრის ბოლო წუთზე ზედიზედ 5 ქულა ჩააგდო და თავისი გუნდი საფინალო სირენამდე 3,8 წამით ადრე 59:57 დააწინაურა.
ბერძნების პასუხმა მარკოიშვილის საგმირო საქმე გადაფარა. პაშალიჩმა შორეული სროლით „არისი“ 60:59 დააწინაურა და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა. საფინალო სირენამდე 0,2 წამი რჩებოდა და რამის შეცვლა წარმოუდგენელი იყო. ნიკოს გალისის თასი საბერძნეთში, „არისის“ მფლობელობაში დარჩა.
ქართველმა მსროლელმა 2-დან 2 სამქულიანი, 3-დან 1 ორიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მანუჩარმა მთლიანობში 10 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. საერთო სარგებლიანობით მარკოიშვილი (11) ცსკა-ში აარონ ჯექსონს (26) და კაილი ჰაინსს (13) ჩამორჩა.
23-26 სექტემბერს ცსკა სტამბულში “გლორია ქაფზე” ითამაშებს, რომელშიც 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. “ა” ჯგუფში თურქული “ეფესი”,ბერძნული “ოლიმპიაკოსი” და ესპანური “უნიკახა” მოხვდნენ, “ბ”-ში კი – ცსკა, თურქული “ფენერბაჰჩე” და სერბული “ცრვენა ზვეზდა”.
მარკოიშვილის კლუბი 23 სექტემბერს “ცრვენა ზვეზდას” გაეჯიბრება, 25-ში – “ფენერბაჰჩეს”, 26-ში კი – ჯგუფში დაკავებული პოზიციიდანგამომდინარე, მე-5, მე-3 ან პირველი ადგილისთვის იბრძოლებს.
gbf.ge