მარსელო ბრაზილიაში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს
მადრიდის “რეალის” მცველმა მარსელომ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბის” დატოვების შემდეგ ბრაზილიაში დაბრუნებას არ აპირებს.
“ვთვლი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ საჭირო უნარები ჯერ კიდევ მაქვს. ისევ მინდა ამ ტურნირზე თამაში. ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ შემიძლია. ეს ძალიან მაგარი ტურნირია.
ყველა იმაზე საუბრობს, რომ “ბოტაფოგოში” ან “ფლუმინენსეში” დავბრუნდები. გასაგებად გეტყვით – “რეალიდან” მშვიდად მივდივარ, მაგრამ ბრაზილიაში დაბრუნებას ჯერ არ ვაპირებ. ერთადერთი რამ, რაც ახლა მინდა, ეს ათდღიანი უდარდელი დასვენება და ტელეფონისგან მოწყვეტაა”, – ციტირებს ბრაზილიელი ფეხბურთელის სიტყვებს “ო დია”.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის მარსელო “რეალის” ღირსებას 2007 წლიდან იცავს. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.
მარსელომ “სამეფო კლუბის” რიგებში 545 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 103 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.