მარტინ ონილი: “საქართველოს ნაკრებს უფრო მეტი ქულა უნდა ჰქონდეს”
ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ ონილმა საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“რთულ მატჩს ველით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებთან ვიმარჯვებთ ხოლმე, ადვილ თამაშს არ ველი. სტატისტიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, ამ მომენტისათვის საქართველოს ნაკრებს უფრო მეტი ქულა უნდა ჰქონდეს.
უოლტერსი სათამაშოდ მზადაა, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ მძიმე ტრავმა აწუხებდა. იმედი მაქვს, ჩემი ფეხბურთელები კლიმატთან ადაპტაციას გაივლიან. მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ყველანაირ პირობას გავუმკლავდეთ.
ეიდენ მაკგიდი ძალიან კარგ ფორმაშია. სამი წლის წინ, თბილისში ჩატარებულ მატჩში საოცარი გოლი გაიტანა. ითამაშებს თუ არა ხვალ, ამას ვერ გეტყვით, თუმცა ის ნამდვილად კარგ ფორმაშია. ის “სანდერლენდში” თამაშობს, მწვრთნელი კი ენდობა.
ვფიქრობ, მწვრთნელისათვის ყოველთვის პრობლემაა, როცა მასთან ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ხშირად თამაში არ უწევთ.
კიდევ ერთხელ, დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ რთული თამაში გველის. საქართველომ უელსისა და სერბეთის წინააღმდეგ კარგად ითამაშა. ქართველებს ტექნიკურად გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავთ. ვცდილობთ, ყველ მატჩიდან შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ. ეს შეხვედრა რომ დუბლინში ტარდებოდეს, სხვანაირად ვითამაშებდით – პრესინგს ხშირად მივმართავდით, თუმცა აქაური კლიმატის გამო, ხვალ ბურთის შენარჩუნებაზე მოგვიწევს ზრუნვა.”
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.