მარცხი ეგვიპტელთან
სამწუხაროდ, ვერ მოახერხა გაგამარუმ დღეს, ზედიზედ მესამედ დაემარცხებინა ეგვიპტელი ოსუნაარაში.
არადა, ჩვენმა გოლიათმა სტარტზე ძალიან აგრესიულად შეუტია 22 წლის აბდელრაჰმან შარანს და შეეძლო კიდეც დოჰიოდან განედევნა. თუმცა, მე-11 მაეგაშირად განთესილმა ეგვიპტელმა სეკიტორმა შეძლო თავის დაცვა და როდესაც გაგა ჯიქურ აწვებოდა მას, უვატენაგეთი დასცა დოჰიოზე ქართველი ფალავანი.
გაგამარუსთვის აღნიშნული მარცხი უკვე რიგით მესამეა ჰარუ ბაშოზე, აქტივში კი მხოლოდ 1 მოგება აქვს ჩვენებურს.
მისი მომდევნო მეტოქე იაპონელი მე-7 მაეგაშირა, ტოიოჰიბიკი იქნება, რომელსაც ასევე არასახარბიელოდ მისდის საქმეები ოსაკაში, თუმცა გაგასგან განსხვავებით, იაპონელს ჯერ-ჯერობით კინკილა გამარჯვებაც არა აქვს.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქ მცირე უპირატესობას ტოიოჰიბიკი ფლობს – განვლილი 7 შერკინებიდან მან 4 მოუგო გაგამარუს.
ჩვენმა მეორე სუმოისტმა, ტოჩინოშინმა დღეს დაისვენა და მომდევნო (რიგით მე-3) ორთაბრძოლას ხვალ ჩაატარებს ბაშოზე. ლევანს მეტოქეობას მაკუშიტას 57-ე ნომერი, 24 წლის იაპონელი, კეიტენკაი გაუწევს. ამ სუმოისტმა 2012 წლის სექტემბერში ჯურიოს დივიზიონსაც უწია, და სხვათა შორის, პირველი ორთაბრძოლა იმ ბაშოზე ჩვენ კოკკაის მოუგო. თუმცა, ტურნირის მე-2 დღეს ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი 1 წელი მოუწია დასვენება. შედეგად, კეიტენკაი ყველაზე ქვედა, ჯონოკუჩის (რანგით მე-6) დივიზიონამდე დაქვეითდა და გასული წლის სექტემბერში ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო რიკიშის კარიერა. მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ტრავმის მერე ძალიან მოყოჩაღებული დაბრუნდა, ზედიზედ 2 ტურნირი მოიგო (ჯონოკუჩის და ჯონიდანის დივიზიონებში) და ახლა უკვე მაკუშიტაში იმყოფება.
კეიტენკაის მიმდინარე ბაშოზე, ტოჩის დარად, ორივე ორთაბრძოლა მოგებული აქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ ლევანი ხვალ პირველი მარცხის გემოს გააგებინებს იაპონელს.
სატურნირო ცხრილის სათავეში ნელ-ნელა მცირდება დაუმარცხებელ სუმოისტთა რიცხვი. 4 ტურის თავზე ჰარუ ბაშოს 5 წაუგებელი სუმოისტი შემორჩა: მონღოლი იოკოძუნები, ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი, იაპონელი ოძეკი კისენოსატო, მისივე თანამემამულე სეკივაკე გოეიდო და ჩვენი გაგას დღევანდელი დამჯაბნავი, ეგვიპტელი ოსუნაარაში.