მარცხი მანჩესტერში
საქართველოს შვიდკაცა ევროპის “გრან პრის” მესამე ეტაპზე ბოლო, XII ადგილს დასჯერდა და სერიის ცხრილში VII სტრიქონამდე დაეშვა, რითაც მსოფლიო სერიის შესარჩევში გასვლის შანსიც ფაქტობრივად დაკარგა.
“გრან პრი” 4-ეტაპიანი სერიაა. მისი ორი ტურნირი ზაფხულში მოეწყო (ლიონი, მოსკოვი) და ორიც შემოდგომაზეა დაგეგმილი.
მესამე ეტაპს შაბათ-კვირას (13-14/09) მანჩესთერმა უმასპინძლა. თამაშები პრემიერშიპის კლუბის, “სეილ შარქსის” სტადიონზე მოეწყო.
“საქართველოს შვიდკაცა” ინგლისში შესუსტებული შემადგენლობით ჩავიდა, რადგან ბევრი ჩვენი ოსტატი ან საფრანგეთის პირველობითაა დაკავებული და ანაც “თბილისის კავკასიელების” ევროპული დებიუტისთვის შევარდენზე ემზადება.
მანჩესთერში მოვიგეთ პირველივე მატჩი, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხში დავმარცხდით. ევრო-სერიაში უარესად გვიასპარეზია მხოლოდ შარშან (2013), ლიონში, როცა 7 მატჩიდან 6 წავაგეთ.
წელს ევროპაში შვიდკაცის ახალი, ოლიმპიური ფორმულა დაინერგა. მის თანახმად, 12 გუნდი იყოფა სამ პულად, თასისთვის ბრძოლას კი აგრძელებენ ოთხეულთა ორი-ორი მოწინავე და ორიც უკეთესი მესამე-ადგილოსანი.
შაბათს, ორი რაუნდის შემდეგ, ზედა რვეულში მოხვედრა ჯერაც რეალური ჩანდა, რაკი შოტლანდიასთან 31 ქულაზე მეტით არ უნდა წაგვეგო, მაგრამ გუნდმა უსწოროდ, უნებისყოფოდ ითამაშა და შვიდიდან ორი, დამღუპველი ლელო ბოლო წუთებზე გაუშვა. შედეგად, 0:45 და კვირას სამის ნაცვლად ორი თამაშიღა, ოღონდაც ფიალაზე.
სამწუხაროდ, ვერც ეს სანუგეშო ჯილდო მოვიხელთეთ. თავიდან დაწინაურებულებმა, ბოლოს კი 5 კაცის ამარა დარჩენილებმა, წავაგეთ მაჩანჩალა რუმინეთთან, ვინაც წინა ორ ეტაპზე ბოლო ადგილს ვერ ასცდა, ხოლო დასკვნით მატჩში, სტარტზე წაგებისთვის, ჩვენთან რევანში იტალიამაც აიღო.
5 მატჩში დავდეთ 11 ლელო, მაგრამ გარდავსახეთ მხოლოდ სამი. სამაგიეროდ, მივიღეთ უმაგალითად ბევრი, 5 ყვითელი ბარათი, რაც დიდ რაგბშიც პრობლემაა.
გრან პრის დასკვნითი ეტაპი დამდეგ უქმეებზე (20-21/09) ბუქარესტშია. ქულათა მარაგი იმდენი გვაქვს, რომ ევრო-ელიტიდან გავარდნა არ გვემუქრება, მაგრამ ეტყობა, ვეღარ შევწვდებით 2015 წელს, ჰონკონგში დანიშნულიმსოფლიო სერიის შესარჩევის ორ ევროპულ საგზურს, რაკი მანჩესთერული ჩავარდნის გამო, რუსეთმა და ბელგიამ ბევრით გაგვისწრეს.
Rugby.Ge