“მას ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლია” – გორან პანდევი ხვიჩა კვარაცხელიაზე
ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გორან პანდევმა sportski.mk-ს ინტერვიუ მისცა. 37 წლის ფეხბურთელმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.
– საქართველოსთან გამართული ორივე მატჩი ფრედ დასრულდა. როგორ დაპირისპირებას ელით ახლა? ელით ბევრ ცვლილებას მეტოქის თამაშში?
– ეს შეხვედრა წინა ორი მატჩისაგან განსხვავებული იქნება. ვიცით, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. განსაკუთრებული თამაში გველის. ყველაფერს მცირე დეტალები გადაწყვეტს. მეტოქის ყველა შეცდომა უნდა გამოვიყენოთ.
– როგორ ფიქრობთ, ჩვენთვის დადებითია თუ არა ის, რომ თბილისში მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება?
– ფეხბურთს მაყურებლებისათვის ვთამაშობთ და ვწუხვართ, რომ ეს მატჩი მათ გარეშე ჩაივლის. თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ამ მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება უკეთესია, რადგან სტუმრად ვთამაშობთ.
– იყო რომელიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც წინა ორ მატჩში თქვენზე შთაბეჭდილება დატოვა?
– დიახ, ფეხბურთელი, რომელმაც სკოპიეში გოლი გაგვიტანა, კვარაცხელია. ის ყაზანის “რუბინში” თამაშობს. ის კარგი ფეხბურთელია და ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლია.
– წინა ორი შეხვედრიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა ჩვენი თავი ფავორიტად მოვიხსენიოთ?
– ეს ფინალია, სადაც ფავორიტი არ არსებობს. როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერს პატარა დეტალები გადაწყვეტს და იმედი მაქვს, ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ერთმანეთს 12 ნოემბერს თბილისში დაუპირისპირდებიან. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.