მასიმილიანო ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი
უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონასთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ აღნიშნა, რომ ამ მატჩით “იუვენტუსი” გამოცდილებას შეიძენს და კიდევ უფრო გაიზრდება.
“შესანიშნავი სეზონი გვქონდა, მშვენიერი ფინალი იყო. ჩვენი საუკეთესო მომენტები ერთმა სულელურმა გოლმა გადაფარა.
ანგარიშის გათანაბრების შანსები გვქონდა. “ბარსელონას” სამი შესანიშნავი შემტევი ჰყავს და ვალდებული ვიყავით, ჩვენი მომენტები გამოგვეყენებინა.
მატჩის დასაწყისში გარკვეულ სირთულეებს წავაწყდით, ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ. რამდენჯერმე დავარტყით და კარგად ვითამაშეთ, თუმცა უკეთესადაც შეგვეძლო. იღბალი ჩვენ მხარეს არ იყო.
“იუვენტუსს” შესანიშნავი სეზონი ჰქონდა: მოვიგეთ სკუდეტო და კოპა იტალია, გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მეტი რაღა უნდა გვექნა?
ახლა ჩვენი მიზანია, რომ ევროპის საუკეთესო რვა კლუბს შორის დავრჩეთ, რაც სერია A-ში კიდევ უფრო გაგვაძლიერებს.
ნეიმარმა გოლი მაშინ გაიტანა, როცა შეხვედრა თითქმის დასრულებული იყო. ეს მატჩი “იუვენტუსის” ზრდის პროცესის ნაწილად იქცევა. უფრო ფრთხილად უნდა გვეთამაშა”, – ალეგრის კომენტარი “სქაი სპორტ იტალიამ” გამოაქვეყნა.