მასობრივი ფეხბურთის კვირეული გრძელდება – საფეხბურთო დღე თბილისის კარიტასში
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში 26 სექტემბერს თბილისის ბავშვთა დღის ცენტრს – კარიტასს ესტუმრა.
აღნიშნული დღის ცენტრი ერთერთია იმ რვა ბენეფიციართაგან, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით უკვე მეოთხე წელია, რაც ბავშვთა საფეხბურთო გუნდები ჩამოყალიბდა.
პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 ბავშვს აძლევს საშუალებას ითამაშონ ფეხბურთი და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
დღეს ბავშვებთან ერთად საფეხბურთო დღე გაატარეს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა. ტურნირის მთავარი არბიტრი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი იყო, ხოლო მონაწილე გუნდებს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებმა ალექსანდრე იაშვილმა და ნიკა ჯღარკავამ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დავით სირაძემ უკაპიტნეს.
„დღევანდელ დღეს იმ ბავშვებთან ერთად ვატარებთ, რომელთაც უყვართ ფეხბურთი და ჩვენი მიზანი სწორედ ასეთი ბაშვებისათვის ფეხბურთში ჩართვის შესაძლებლობის უზრუნველყოფაა. მასობრივი ფეხბურთის განვითარება, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრიორიტეტია, წარმოადგენს საფუძველს სპორტის ამ სახეობის წარმატებისთვის და მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება ამ ბავშვებთან ერთად მხიარული საფეხბურთო დღე გავატარო.“ – აღნიშნა დავით მუჯირმა.
მასობრივი ფეხბურთის კვირეულის მნიშვნელობა აღნიშნა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ:
„მასობრივი ფეხბურთის კვირეულს საქართველო სხვადასხვა აქტივობებით ხვდება და ეს სწორედ ერთერთი შემთხვევაა. ჩვენ გვსურს რომ ეს პერიოდი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ყველა ჩვენი პროექტის წარმოჩენა მოვახერხოთ. უეფას ერთერთი ძირითადი მიმართულება სწორედ მასობრივი ფეხბურთის განვითარებაა და ამ კვირეულის მთავარი მიზანიც იმ პროექტების წარმოჩენაა, რომელიც თავის როლს თამაშობს ფეხბურთის საძირკვლის განვითარებაში.“
სექტემბრის ბოლო კვირას უეფას ეგიდით ევროპაში მასობრივი ფეხბურთის კვირეული აღინიშნება. საქართველო წელსაც, ტრადიციულად, კვირეულს ღონისძებების ციკლით აღნიშნავს. მასობრივი ფეხბურთის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი აქტივობები კვირას, 23 სექტემბერს დავით პეტრიაშვილის არენაზე „მამების თასით“ გაიხსნა. სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში გაიმართა საფეხბურთო დღე კარიტასშიც. კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის 28 სექტემბერს გურიაში, სოფელ ბოხვაურში კიდევ ერთი სოფლის მოედანი განახლდება, 29 სექტემბერს კი ქალაქი ბათუმი აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს. ამავე საღამოს გაიმართება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პროექტის „GOALBACK” პრეზენტაცია, რომლის მთავარი მიზანი, სწორედ ფეხბურთის მასობრიობის ზრდაა. ღონისძიებების ციკლი 30 სექტემბერს აკეთში მოყვარულთა ლიგის მატჩით დასრულდება.
GFF.ge