მასობრივი ფეხბურთის კვირეულმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოიცვა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია, მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის სხვადახვა რეგიონების სოფლებს ესტუმრა, სადაც ადგილობრივებთან ერთად სოფლის სტადიონები განაახლეს და ახლა უკვე სამი რეგიონის სამ სოფელში ადგილობრივ მოყვარულ ფეხბურთელებს და ბავშვთა გუნდებს უკვე გამართულ მოედანზე შეუძლიათ ეთამაშონ მეზობელ სოფლებს მათი საყვარელი სპორტის სახეობა. თითოეულ სოფელში ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ვიზიტი როგორც მოედნების შეკეთებას, ბალახის გაკრეჭას, კარის დადგმასა და ბადეების დაკიდებას, სათადარიგო სკამების ჩადგმასა და ტაბლოს დამონტაჟებას, ისე ადგილობრივ გუნდებთან საფეხბურთო მატჩების ჩატარებას მოიცავდა.
მასობრივი ფეხბურთის კვირეული საქართველოში 30 სექტემბერს, თბილისში გამართული მამებისა და შვილების საფეხბურთო ჩემპიონატით – „მამების თასით“ დასრულდა. აღნიშნული ჩემპიონატი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში გაიმართა. ჩემპიონატში 16-მა მწვრთნელმა მამამ 4 ბავშვისგან დაკომპლექტებული გუნდი წარმოადგინა. გუნდში გოგონათა ჩართვა ჩემპიონატში მონაწილეობის აუცილებელი პირობა იყო. გამარჯვება გორიდან სპეციალურად ჩემპიონატისთვის ჩამოსულმა გუნდმა მოიპოვა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სტადიონის ტურები სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც გაგრძელდება, რაც ფეხბურთის მასობრიობის განვითარებას შეუწყობს ხელს.