მატჩის ორგანიზატორები ჩაშლილ შეხვედრაზე
დინამო თბილისის რიგით მეოთხე ანთალიური სპარინგი ჩაიშალა. ოდესის ჩერნომორეცთან მიმდინარე მატჩის 65-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:0 გახლდათ ჩვენი გუნდის სასარგებლოდ / 54-ე წუთზე ძარია/ მეტოქე გუნდის შემადგენლობაში მოხდა ცვლილება. მოედანზე მოქმედი ფეხბურთელის ნაცვლად ერთ-ერთი მწვრთნელი სტეფან მატვიივი შევიდა. დინამოს მიმართ გამოჩენილი უპავტიცემულობის გამო, ჩვენი გუნდის და მისი მთავარი მწვრთნელის მიერ მოედნის დატოვების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შეხვედრის ორგანიზატორმა, წარსულში ვეტერანმა ფეხბურთელმა, წლების მანძილზე ანთალიასპორის კაპიტანმა, ამჟამად კი ფანატიკ ტურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ქადირ არიქანმა:
მატჩი ნორმალურად მიმდინარეობდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 20-25 წუთით ადრე, როდესაც ანგარიში 1:0 იყო დინამოს სასარგებლოდ, ჩერნომორეცის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილების შემდეგ, მოქმედი ფეხბურთელის ნაცვლად მოულოდნელად მოედანზე სათამაშოდ ერთ-ერთი მწვრთნელი გამოვიდა. ეს გარემოება დინამოს მწვრთნელის მხრიდან სამართლიანად იქნა აღქმული დინამოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებად. დინამო, გუნდი რომელსაც ასეთი ტრადიცია, სახელი და ისტორია აქვს, ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს. ოდესის ჩერნომორეცს, რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში გამოდის და ევროპის ლიგაშიც, ასეთი საქციელი არ ეკადრება. ჩერნომორეცის მხრიდან მომიზეზება იმისა, რომ სხვა ფეხბურთელი არ ჰყავდათ არასერიოზულია , ხოლო წინადადება დინამოს ფეხბურთელი დაემატებინათ და შემდეგ ასეთი წინადადებაც იყო, საერთოდ ცინიზმად შეიძლება შეფასდეს. მატჩს ფეხბურთის ადგილობრივი და უცხოელი ნეიტრალური სპეციალისტებიც ესწრებოდნენ, რომელთათვისაც დინამოს გადაწყვეტილება სავსებით გასაგები და მისაღები გახლდათ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, როგორც მითხრეს ჩერნომორეცის პრეზიდენტი, რომელიც თვალს ადევნებდა თამაშის რეპორტაჟს, შეწუხებულია მომხდარით და ბოდიშს უხდის დინამოელებს.
FCDinamo.GE