მატეუშ გამროტი: “ბრძოლის შემდეგ, გურამს რესტორანში შევხვდი”
UFC-ის პოლონელმა მებრძოლმა, მატეუშ გამროტმა გურამ ქუთათელაძესთან განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო შეხვედრა სწორედ გამროტთან გამართა და მეტოქე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ქართველმა მებრძოლმა ბრძოლის შემდეგ თქვა, რომ მოგებას არ იმსახურებდა.
გამროტმა ქუთათელაძეზე თბილად ისაუბრა და თქვა, რომ მას რესტორანში შეხვდა.
“თავს კარგად ვგრძნობ, რადგან მგონია, რომ ეს ბრძოლა მე მოვიგე, თუმცა მსაჯებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. ბევრმა ადამიანმა მომწერა, მომილოცა. მაღალი დონის მწვრთნელებმა და მებრძოლებმა მითხრეს, რომ ეს ბრძოლა მე მოვიგე. ახლა უნდა დავისვენო.
ამ შეხვედრის მოგება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემი და გურამის ბრძოლა დღის საუკეთესო ბრძოლად დასახელდა, რაც ორივესთვის კარგია. ბრძოლის შემდეგ, გურამმა პატიოსნად ისაუბრა. მან იცოდა, რომ წააგო, თუმცა დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ.
გურამი კარგი ბიჭია. მას დიდ პატივს ვცემ. რესტორანში შევხვდი, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოვხატეთ. ის რთული მოწინააღმდეგე იყო”, – განაცხადა გამროტმა.