მათე ვაწაძის „ორჰუსმა“ წაგებული მატჩი მოიგო
დანიის სუპერლიგის მესამე ტურში მათე ვაწაძის „ორჰუსმა“ „რანდერსს“ უმასპინძლა და დრამატურ მატჩში გაიმარჯვა.
26-ე წუთზე მასპინძელთა კარი ლუნდბერგმა აიღო. ოთხ წუთში „რანდერსის“ უპირატესობა იონას ბორინგმა გაზარდა – 0:2.
მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან „ორჰუსის“ თავკაცმა მორტენ ვირჰოსტმა ვაწაძის ნაცვლად მოედანზე იესტერ ლანჯი გამოიყვანა. 62-ე წუთზე აბეკმა პენალტი ზუსტად შეასრულა – 1:2. სამ წუთში სტუმართა მხრიდან მუსტაფა ამინიმ პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო, რაც, როგორც აღმოჩნდა, მასპინძლებს ძალიან გამოადგათ. 74-ე წუთზე აბეკმა დუბლი შეასრულა. თერთმეტ წუთში სტეფან პეტესენმა მასპინძლები დააწინაურა. ერთ წუთში, ამინის მსგავსად, წითელი ბარათი კასპერ ფისკერმაც მიიღო – სტუმრები მოედანზე 9 ფეხბურთელით დარჩნენ.
საბოლოოდ, 3:2 და „ორჰუსმა“ ამ გამარჯვებით შვიდი ქულით მეორე პოზიციაზე აიწია. შემდეგ ტურში მათე ვაწაძის გუნდი „ოდენსეს“ ესტუმრება.