მაურო იკარდიმ სიჩუმე დაარღვია
მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ სიჩუმე დაარღვია და სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა. არგენტინელმა ფეხბურთელმა კლუბსა და კლუბის გულშემატკივრებს მიმართა.
“თქვენ ყველაზე რთულ მომენტში ნამდვილი სიყვარული გამოიჩინეთ. მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, გადავწყვიტე, რომ კლუბში დავრჩე.
მითამაშია მაშინ, როცა ტკივილი მაწუხებდა და მატჩის შემდეგ ვტიროდი. მიუხედავად ტკივილისა, ექიმების რჩევებს არ ვითვალისწინებდი და მინდორზე გავდიოდი. როცა მოედანზე გავდივარ, ტკივილი მავიწყდება და მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს – დავეხმარო გუნდს და კლუბს წარმატება მოვუტანო.
გამარჯვება ძნელია, მაგრამ “ინტერთან” ერთად გამარჯვება განსხვავებული რამაა, ამის შეგრძნება და გაგება მხოლოდ “ინტერის” ფანებს შეუძლიათ.
არასოდეს მომწონდა, როცა ვინმე პირველივე შესაძლებლობისთანავე გუნდიდან მიდიოდა. მე ისეთ წინადადებებზე ვთქვი უარი, როგორზეც პროფესიონალ ფეხბურთში უარის თქმა ძნელია.
არ ვიცი, ამ მომენტში არის თუ არა პატივისცემა და სიყვარული ჩემს ან “ინტერის” მიმართ, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს”, – აცხადებს იკარდი.
შეგახსენებთ, რომ “ინტერმა” იკარდის გასულ თვეში კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა. 26 წლის თავდამსხმელი კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდა.