მბაპე: “მინდოდა, გუნდს დავხმარებოდი, მაგრამ ეს არ გამომივიდა”
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ შვეიცარიასთან მარცხის შემდეგ გამოუყენებელი პენალტის გამო ბოდიში მოიხადა.
როგორც იცით, საფრანგეთი – შვეიცარიის მატჩის ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც შვეიცარიელებმა გაიმარჯვეს. ფრანგების მხრიდან ბოლო თერთმეტმეტრიანი სწორედ მბაპემ გააცუდა.
“ძალიან რთულია… უზარმაზარი მწუხარების გრძნობაა, ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რომელიც დასახული გვქონდა. ბოდიშს ვიხდი პენალტის გამო. მინდოდა, გუნდს დავხმარებოდი, მაგრამ ეს არ გამომივიდა. დაძინება რთული იქნება. სამწუხაროდ, ჩვენს სპორტს ასეთი რისკები თან ახლავს და ის ამიტომაც მიყვარს ასე ძალიან. ვიცი, რომ ფანები იმედგაცრუებულები არიან. მინდა, მათ მხარდაჭერისათვის და იმისათვის, რომ ჩვენი მუდამ სჯეროდათ, მადლობა გადავუხადო. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხზე წამოვდგეთ. შვეიცარიას ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ”, – განაცხადა მბაპემ.