მბაპეს პირველი კომენტარი პერუს დამარცხების შემდეგ
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთმა მეორე ტურში პერუ დაამარცხა. ერთადერთი და გამარჯვების გოლი ევროპელთა ახალაგაზრდა შემტევმა, კილიან მბაპემ გაიტანა. ფეხბურთელისთვის, რომელიც 19 წლის, ექვსი თვისა და ერთი დღისაა, ეს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი გოლია. ფრანგი ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც ამ ტურნირზე გოლი გაუტანია. მან დავიდ ტრეზეგეს რეკორდი (20 წელი და 246 დღე) დაამხო.
“პსჟ”-ს თავდამსხმელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ყველა ფეხბურთელისთვის ოცნებაა. ასევეა შემთვისაც. ნატვრა ამიხდა, თუმცა იმედი მაქვს, მეტ გოლს გავიტან. მეტოქე პრესინგზე თამაშობდა. თუ გუნდს სჭირდება, შენ ასეთ მომენტებში მსხვერპლი უნდა გაიღო. ამ დროს თანაგუნდელებს დახმარებას უწევ და წარმატებაში წვლილი შეგაქვს,” – ამბობს მბაპე.