მბაპე “პსჟ”-ში სამხრეთამერიკელთა პრივილეგიებით უკმაყოფილოა
ფრანგული გამოცემა “ლეკიპი” იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე გუნდში შექმნილი მდგომარეობით უკმაყოფილოა. კერძოდ, 23 წლის ფეხბურთელს სურს, რომ პარიზული პროექტის მთავარი ფიგურა ის იყოს.
მბაპეს გარდა გუნდის სხვა ფრანგი მოთამაშეებიც არიან უკმაყოფილონი იმ ფაქტით, რომ “პარი სენ-ჟერმენში” სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები პრივილეგიებით სარგებლობენ. კერძოდ, სამხრეთამერიკელებს ვარჯიშებზე დაგვიანებისა და შეუსაბამოდ მოქცევის უფლებას აძლევენ.
კილიან მბაპეს “პსჟ”-თან შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სპეციალიზებული პორტალი “ტრანსფერმარკტი” მის სატრანსფერო ღირებულებას 160 მილიონ ევროდ აფასებს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზული კლუბი მბაპეს მოკლევადიან კონტრაქტსა და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს სთავაზობს.