მენეზი ადრიანო გალიანის და ფილიპო ინძაგის შეხვდა
„ფრანს ფუტბოლის“ ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ჟერემი მენეზი საკუთარ აგენტთან ერთად იბიცას ერთ-ერთ რესტორანში „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისა და „როსონერის“ შესაძლო მომავალ მთავარ მწვრთნელ ფილიპო ინძაგის შეხვდა.
საუბრისას იტალიურმა მხარემ ფრანგი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გამოხატა. წყაროს თანახმად, მენეზი „მილანის“ შემოთავაზებით მოიხიბლა და ლომბარდიაში გადასასვლელადაც დაიწყო მზადება. მოგეხსენებათ, მისთვის იტალია უცხო არ არის, 2008–2011 წლებში „რომას“ ღირსებას იცავდა.
„როსონერის“ გარდა, 27 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს ტურინის „იუვენტუსი“, მადრიდის „ატლეტიკო“, „მონაკო“, „რომა“ და „ვალენსია“ იჩენენ.
შეგახსენებთ, რომ ჟერემი მენეზს „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტი ამა წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, ის ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
ბექა დოგრაშვილი