“მეორე შანსი რომ მქონდეს, ისევ ამ სიმბოლოს დავიხატავდი” – რუსი ტანმოვარჯიშე
რამდენიმე დღის წინ რუსი ტანმოვარჯიშე ივან კულიაკი მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონიალზე, კვარცხლბეკზე რუსეთის საომარი სიმბოლო “Z”-თი გამოჩნდა. 20 წლის სპორტსმენმა ამ ჟესტით საკუთარ აგრესორ ქვეყანას თანადგომა გამოუცხადა.
აღსანიშნავია, რომ კულიაკმა შეჯიბრზე მესამე ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი უკრაინელი ილია კოვტუნი გახდა.
სიმბოლო “Z” რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში შეჭრის შემდეგ საკუთარ ტექნიკაზე აქვთ გამოსახული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის ასე განიმარტება – “Za pobedy” (“გამარჯვებისთვის”).
საერთაშორისო ტანვარჯიშის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა ამ ეპიზოდის განხილვა უკვე დაიწყო. შესაძლოა, რუსი ტანმოვარჯიშე საერთაშორისო შეჯიბრებებიდან საერთოდ მოხსნან.
ივან კულიაკის კომენტარი
“მეორე შანსი რომ მქონდეს, ისევ იმავეს გავაკეთებდი. მე ვნახე, რომ ეს სიმბოლო ჩვენს ჯარს ჰქონდა გამოსახული და ისიც ვნახე, რას ნიშნავდა. ეს არის სიმბოლო, რომელიც ასე განიმარტება – “გამარჯვებისთვის” და “მშვიდობისთვის”. მე მხოლოდ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მსურდა. როგორც სპორტსმენი, ყოველთვის ვიბრძვი გამარჯვებისათვის და მშვიდობისთვის”, – ციტირებს კულიაკის სიტყვებს Sport Bible.