მეოთხე შეკრება კლერმონის ესპუარებთან გამარჯვებით დასრულდა
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფისთვის მზადების მეოთხე შეკრება ფრანგული ტოპ 14-ის ‘კლერმონის’ ესპუართა გუნდთან სპარინგ-მატჩით დაასრულეს, რომელშიც ჩვენმა გუნდმა სტუმრებს 28:18 სძლიეს.
პირველი ტაიმი 10 ქულიანი დეფიციტით
მატჩის დაწყებამდე საფრანგეთის და საქართველოს ჰიმნები შესრულდა. საქართველოს ჰიმნს კლერმონის სამი ქართველი ლეგიონერი: გიორგი შარაშიძე, ბექა კაკაბაძე და თორნიკე ზოიძე ასრულებდნენ. ეს ორი უკანასკნელი ახალგაზრდა ბორჯღალოსნებს ტურნირისთვის ბოლო მოსამზადებელი ეტაპის შეკრებაზე შეუერთდებიან.
“კლერმონი” იყო კარგად ორგანიზებული, მებრძოლი გუნდი, რომლის შემადგენლობაში მაღალი დონის შემსრულებლები, მებრძოლი ბიჭები თამაშობდნენ. ბრძოლაში და თავდადებაში მათ ქართველებმა არაფერი დაუთმეს, პირველი ტაიმის 10 ქულის სხვაობით წაგების შემდეგ, მეორე ტაიმში შეცდომები გამოასწორეს, დასკვნითი 40 წუთი 20:0 მოიგეს და გამარჯვებაც დამსახურებულად იზეიმეს.
შეხვედრა ქართველი მორაგბეების აქტიურობით დაიწყო, მაგრამ ჟულიენ შარდონმა გადაცემა ცენტრალური ხაზის სიახლოვეს ჩაჭრა და ლელომდე ირბინა, ხოლო ენდო სანგამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ მოედანზე გაჩაღებული დაუნდობელი ბრძოლა “უსისხლოდ” არ ჩაივლიდა და თამაშისას რამდენჯერმე ატყდა ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშტი-კრივი, რის გამოც შეხვედრის მიწურულს რეფერიმ ორივე გუნდის თითო-თითო მორაგბე გაასინბინა.
მართალია, თავიდან ქართველები ჯარიმას კარში არ ურტყამდნენ, მაგრამ რომ ჩამორჩნენ, მე-11 წუთზე 3 ქულის აღება გადაწყვიტეს და 35 მეტრიდან რეზი ჯინჭველაშვილმა ჩამორჩენა შეამცირა. მერე ვასილ ლობჟანიძემ ფეხით შეცურებულ ბურთზე ბოლომდე იბრძოლა, “კლერმონი” დაჯარიმდა, ჯინჭველაშვილმა ის სწრაფად გაათამაშა და მართალია, ბადრი ალხაზაშვილი შეაჩერეს, მაგრამ რაქიდან ოთარ გიორგაძემ ლელოს გატანა მაინც მოახერხა. გარდასახვა არაზუსტი იყო – 8:7.
ამის შემდეგ “კლერმონი” ათამაშდა, სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და მაღალი დონის რაგბი აჩვენა. ფრანგები კარგად შლიდნენ შეტევებს ფლანგზე და უპირატესობის მოპოვებას სისწრაფით ცდილობდნენ. ქართველებმა თავდაუზოგავი დაცვით მათი მიძალებების შეჩერება შეძლეს. ტაიმის ბოლოს ფრანგებმა მოკლე დარტყმებით იარეს, ფლანგზე მეტობა რომ შექმნეს თამაში გაშალეს, ორი მოიერიშის შეჩერება მოხერხდა, მაგრამ შარდონმა მიზანს უწია და დუბლი შეასრულა. ამ ლამაზი ლელოს შემდეგ გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი სტუმრებმა 18:8 მოიგეს.
მეორე ტაიმის 20 ქულა
მეორე ტაიმში მოედანზე სიტუაცია შეიცვალა. საქართველოს ნაკრები თამაშს თითქმის მთელი 40 წუთი აკონტროლებდა. ცვლილებებმა და მიღებულმა დავალებებმა “ბორჯღალოსნებს” სათამაშო უპირატესობასთან ერთად შედეგიც მოუტანა. მოკლე დარტყმებით და მოლით შეტევების შემდეგ, მოლს ოთო გიორგაძე მოსწყდა და შარდონის დუბლს თვითონაც დუბლით უპასუხა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ტაიმის შუაში საქართველოს ლამაზი კომბინაცია მორიგი ლელოთი დასრულდა – ბექა გორგაძემ ხაზი კარის წინ, ცენტრის სიახლოვეს გაჭრა და დაახლოებით 20 მეტრი იარა, შეტევა მარჯვენა ფლანგზე გაიშალა, სადაც ირაკლი სვანიძემ მაღალ სიჩქარეზე მიიღო გადაცემა, ფრანგ მცველებს შორის სუფთად გაძვრა და ანგარიში გაათანაბრა. გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო – 18:18.
საქართველოს ნაკრები ისე გათამამდა, რომ კარის წინ 25 მეტრიდან ჯარიმით დაწინაურების ნაცვლად, ბურთი აუტში გაგზავნა, დერეფნიდან შეუტია, ხაზი ორჯერ გაიჭრა, მესამე ჯერზე ნიკა სიმონიშვილი ხაზის სიახლოვეს შებოჭეს, მაგრამ ქართველმა ბურთის ჩათვლის მოედანში გადადება მოახერხა. გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მალე ჯარიმით ანგარიში 28:18 გახადა. სულ ბოლოს “კლერმონმა” ერთი გაიბრძოლა, მაგრამ ბოჭვებისას ინდივიდუალურად კარგად მოთამაშე ნაკრების წევრებმა მეტოქეს სივრცეები შეუზღუდეს და ფრანგები შინ გაბრუებული გაისტუმრეს – 28:18.
ამ მატჩით დასრულდა 20-წლამდელთა მორიგი შეკრება. გუნდი 26 აპრილს კვლავ შეიკრიბება და ტურნირზე გამგზავრებამდე ბოლო შეკრებას გაივლიან. “ბორჯღალოსნები” პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 6 მაისს მიემგზავრებიან, ხოლო უშუალოდ ტურნირში 12 მაისიდან ჩაებმებიან.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელების ალაფა 2015
შეგახსენებთ, რომ ტურნირი ლისაბონში 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გაიამრთება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ‘ა’ ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელიპორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.
მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):
12 მაისი საქართველო – ურუგვაი 20:00 სთ
16 მაისი საქართველო – ფიჯი 20:00 სთ
20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ
24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ
Rugby.GE