მერაბ დვალიშვილი: “ხაბიბი საქართველოში რამდენიმე კარგი პროექტის გაკეთებას აპირებს”
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ დაღესტნელი ამ ზაფხულს საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.
“მინდა ვისაუბრო ხაბიბ ნურმაგომედოვზე. დაიწერა სტატიები, რომ თითქოს ის 1 ივნისს აფხაზეთში ჩადიოდა. მოვიდა 1 ივნისი და ფაქტია, რომ ის აფხაზეთში არ ჩავიდა. ამის ერთადერთი წყარო იყო აფხაზური გამოცემა. ხაბიბ ნურმაგომედოვი ამ ზაფხულს საქართველოში ჩამოსვლას და რამდენიმე კარგი პროექტის განხორციელებას აპირებს ჩემს ქართველ მეგობრებთან ერთად. სამწუხაროდ, ბევრი ნეგატიური საუბარი მიდის მასზე და მას ეს არ ეკუთვნის.
ის იყო კარგი ჩემპიონი, ღირსეულად გახდა ჩემპიონი. ახლა დაანება სპორტს თავი, მაგრამ ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და აპირებს საქართველოშიც, რაც წაადგება ჩვენს ქვეყანაში MMA-ს განვითარებას, ასევე, ჩვენი ქვეყნის ცნობადობას. წარმატებებს ვუსურვებ მას. ყოველთვის პატივს ვცემდი როგორც სპორტსმენს და ახლა უკვე როგორც პრომოუტერს და კარგი პროექტების განმახორციელებელს. MMA-ს ქართველ გულშემატკივარს ვურჩევ, რომ ვიყოთ პოზიტიურად განწყობილი ამ ადამიანის მიმართ. ის არ არის ჩვენი მტერი, პირიქით – ჩვენი მეგობარია და ჩვენთან ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს”, – თქვა დვალიშვილმა Facebook-ში, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს.
აფხაზური გამოცემების ცნობით, 1 ივნისს ხაბიბი სოხუმში უნდა ჩასულიყო და მასტერკლასი გაემართა. საბოლოოდ, ნურმაგომედოვმა სოხუმში ჩასვლაზე უარი თქვა, რისი მიზეზიც საქართველოსა და აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელი სანქციები იყო.