მერაბ დვალიშვილი: “საქართველოში უფრო და უფრო მეტ სიყვარულს ვგრძნობ”
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკული იუთუბ-არხის, MMAFightingonSBN-ის ეთერში საქართველოს შესახებ ისაუბრა.
ჟურნალისტმა მერაბს ჰკითხა, ქომაგობენ თუ არა საქართველოში UFC-ში მოასპარეზე ქართველ მებრძოლებს, რომლებიც მუდმივად პროგრესირებენ.
“საქართველოში ძალიან დიდ სიყვარულს ვიღებთ. ახლა MMA-ს მხოლოდ ახალგაზრდები არ უყურებენ, პირიქით, ყველა ასაკის ადამიანი უყურებს. UFC-ში ქართველები წარმატებულად გამოვდივართ, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისათვის დიდი მიღწევაა. ძალიან გვგულშემატკივრობენ, გვაჩვენებენ ტელევიზიებში, ყველგან. ყოველ ჯერზე, როცა საქართველოში ჩავდივარ, უფრო და უფრო მეტ სიყვარულს ვგრძნობ”, – თქვა დვალიშვილმა.
ამის შემდეგ მერაბმა ისაუბრა იმაზე, თუ რა ხდებოდა ზაფხულში, როცა ის სამშობლოში თანაგუნდელებთან, ალჯამეინ სტერლინგთან და ალ იაკინტასთან ერთად ჩავიდა:
“Facebook-ში მხოლოდ პოსტი გამოვაქვეყნე, რომ კონკრეტულ დროს აეროპორტში ვიქნებოდი. როგორც კი ჩავედით, ხალხი ყვიროდა: “მერაბ, მერაბ!” გაკვირვებული ვიყავი. ძალიან ბევრი კარგი ენერგია მივიღეთ. საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, მაგრამ ყველანი ერთად ვცხოვრობთ – ქრისტიანები, მუსლიმები, ებრაელები. გვაქვს ლამაზი, დიდი ეკლესია, სადაც წავედით. ქუჩაში ხალხი გვაჩერებდა და ჩვენთან ფოტოებს იღებდა. ძალიან გახარებული ვიყავი.
ყოველდღიურად სხვადასხვა დარბაზში მივდიოდით და სემინარებს ვატარებდით, ბევრი ბავშვი და პროფესიონალებიც კი მოდიოდნენ და ჩვენთან ერთად ვარჯიშობდნენ. მათ ჩვენს ტექნიკას ვუზიარებდით, რისთვისაც ალჯოსა და ალს მადლობას ვუხდი. ყოველდღე ამის გაკეთება ადვილი არ არის. დილით მათ ვეუბნებოდი: “ბიჭებო, უნდა წავიდეთ, ვნახოთ ლამაზი ადგილები, ვივარჯიშოთ.” გვპატიჟებდნენ რესტორნებში და სულ დავდიოდით, მართლაც ძალიან კარგი დრო გავატარეთ”, – თქვა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის სპორტსმენმა რამდენიმე დღის წინ UFC-ში მე-9 ბრძოლა გამართა და მარლენ მორაესი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.