მერაბ დვალიშვილი UFC-ში მორიგ შეხვედრას რუსეთში გამართავს
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი მორიგ შეხვედრა 15 სექტემბერს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართავს. ქართველი სპორტსმენის მეტოქე ამერიკელი ტერიონ ვორი იქნება.
“UFC რუსეთში ორთაბრძოლებს პირველად ატარებს. პირველივეზე ვიბრძოლებ მე, ქართველი და აუცილებლად ავაფრიალებ ქართულ დროშას. ღირსეულად წარმოვაჩენ ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გაგახარებთ. დიდი მადლობა ყველას, გულშემატკივრობისა და გამხნევებისათვის”, – ამბობს დვალიშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც მან სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა.
რაც შეეხება ტერიონ ვორს, ის UFC-ში ერთი წელია ასპარეზობს და ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ სამივე შეხვედრაში დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილს UFC-ში აქამდე მხოლოდ ორი შეხვედრა აქვს გამართული. 2017 წლის 9 დეკემბერს ის ფრენკი საენსთან დამარცხდა, 2018 წლის 21 აპრილს კი რიკი საიმონთან ორთაბრძოლა ბოლო წამებში დათმო. საიმონთან შეხვედრაში მისი ბრძოლა დღის საუკეთესოდ დასახელდა, რის გამოც ქართველ სპორტსმენს ბონუსად 50 000 დოლარი გადაეცა.