მერაბ მეტრეველი: “რამდენ ხანს გაქაჩავ ცუდი თამაშით?
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი აქტიურად აფასებს ქართული გუნდების და საქართველოს ნაკრების თამაშებს. ამჯერად, მან გიბრალტართან და ჩრდ.მაკედონიასთან მატჩები შეაფასა.
“გიბრალტართან თამაშშიც მხოლოდ ორი რამ იყო კარგი:
1) ანგარიში
და
2) კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელმაც კარგ ფეხურთელობასთან ერთად კარგი ადამიანობაც და პრინციპულობაც გამოავლინა და ბნელ ჰომოფობებს თავი არ დაუხარა, ნაკრებში მე-100 თამაში ითამაშა.
დანარჩენზე რა გითხრათ? ლორია რომ არა, შეიძლება ვერც მოგვეგო. გასაგებია, რომ ხვიჩა ყოველთვის ხვიჩაა, მაგრამ გუშინდელი თამაშის მერე ზოგ გულშემატკივარს გაუჩნდა განცდა (და არცთუ უსამართლოდ), რომ ხვიჩას გარეშე ნაკრები ისეთივე ცუდი გუნდია, როგორიც ადრე იყო.
ორი თამაშის ჯამში კი ხელთ შეგვრჩა ცუდი თამაში, მაგრამ მოგება. ახლა ზოგი კითხულობს: სულ კარგ თამაშს და სულ წაგებას ცუდი თამაში და მოგება არ ჯობიაო?
კი ჯობია, მაგრამ თქვენც ხომ იცით, რომ ორივეს ჯობია კარგი თამაში და მოგება და მარტო „ჯობიაზეც“ არაა საქმე: რამდენ ხანს გაქაჩავ ცუდი თამაშით? ასეთი თამაში გვეყოფა ნახევარფინალის და მითუმეტეს ფინალის მოსაგებად?
თუმცა ერთა ლიგის ნახევარფინალი და ფინალი დროში ისე შორსაა (2024 წლის მარტში), მანამდე შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ასევე მანამდე ჩვეულიბრივი შესარჩევი ციკლი გვაქვს სათამაშო და იქ, როგორც აბანოში, გამოჩნდება თეთრი და შავი, რადგან ყველანაირი ძალის მეტოქე გვეყოლება. და ასევე გამოჩნდება სანიოლის გაქანება: არის ის ის მწვრთნელი, რომელსაც კიდევ შეუძლია გუნდს მოამატებინოს, თუ ეს მისი ჭერია და უფრო მაღალ დონეზე ასასვლელად სხვა მწვრთნელი დაგვჭირდება?
ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ნახევარფინალამდე უნდა გვქონდეს უკვე პასუხი.
ასევე მანამდე იქნება ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ნაწილობრივ ჩვენც ვმასპინძლობთ და სადაც ეროვნული ნაკრების დღევანდელი შემადგენლობის ნახევარს შეუძლია თამაში ხვიჩას თამადობით.
ასე რომ შევხედოთ მომავალს იმედიანად და ვეძებოთ კარგი საყრდენები!
p.s. მესამე კარგი რამეც მომხდარა გუშინდელ თამაშში: რეკორდი დავამყარეთ – 11 წაუგებელი თამაში გვაქვს. ამხელა წაუგებელი სერია ჯერ არ ქონია ჩვენს ნაკრებს.
ეს ცალსახად კარგია, მაგრამ ბევრს შეიძლება არც არაფერს ცვლიდეს, რადგან წინა რეკორდი (10 წაუგებელი თამაში) ქეცბაიას დროინდელ ნაკრებს ეკუთვნოდა, გუნდს, რომელიც ალბათ ყველაზე არაშემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ვერაფერსაც ვერ მიაღწია.
ვისურვოთ, რომ, ეს ახალი რეკორდი უკეთესი მომავლის საწინადარი იყოს” – დაწერა მეტრეველმა.